20-07-2022
საქართველოს პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი საგარეო საქმეთა ექსმინისტრს, თედო ჯაფარიძეს პასუხობს.
სუბარის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონო თედო, შევეცდები თქვენგან განსხვავებით, დიპლომატიურად გაგცეთ პასუხი:
დავიწყებ იმით, რომ თქვენი წერილი იწყება იმავე მოსაზრებით, რის გამოც ჩვენ დავტოვეთ „ქართული ოცნება“. დიახ, დემოკრატია ნამდვილად გულისხმობს გამჭირვალობას და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება მომენტი, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და საჯაროდ ითქვას ის, რაც დიდი პოლიტიკის კულისებში ხდება.
დაგეთანხმებით იმაშიც, რომ „ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როცა სასწორზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები დევს“. უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ დღეს სასწორზე, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დევს.
მიუხედავად თქვენი ცინიზმისა, რაც დიპლომატიას ნამდვილად არ შეშვენის, დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი გექნებათ იმ ტვირთის სიმძიმე, რაც სამმა დეპუტატმა სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ავიღეთ საკუთარ თავზე.
რასაც თქვენ პოლიტიკურ უმწიფრობას ეძახით, სინამდვილეში პოლიტიკური გამბედაობაა. თუკი თქვენთვის დიპლომატია ყველაფრის მოთმენით ეროვნული ღირსების შელახვაა, მაშინ რაღაა რეალური დამოუკიდებლობა?
დასავლეთთან იმ ურთიერთობებს, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდით, ჩვენ ვუყრიდით საფუძველს საქართველოში. რომ არა ჩვენი ბრძოლა ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ადამიანის უფლებების, პატიმართა ჯანმრთელობის, დევნილთა უფლებების თუ სხვა პრინციპების დასაცავად, თქვენ ვერ ისაუბრებდით დასავლეთთან საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე და ევრო-ატლანტიკურ კურსზე.
ყველაზე რთული მისია სწორედ ქართველ ხალხთან მუშაობაა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საგარეო პოლიტიკაში იმ სახლის შენება, სადაც საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს და არა ისეთი, როგორსაც დღეს გვთავაზობენ - „ღია კარის პრინციპი“ ურდულდადებული კარით, ან კანდიდატი ქვეყნის სტატუსი პოლიტიკური მსხვერპლის ფასად. აი, ეს არის პოლიტიკური სპეტაკლი და აუცილებლად უნდა დასრულდეს ქართველი ხალხის მოტყუება. სხვათაშორის, ამ პასუხისმგებლობას თქვენც უნდა გრძნობდეთ, როგორც 30-წლიანი დიპლომატი.
გაინტერესებთ კიდევ რა არ მოგვწონს? პირდაპირ გეტყვით - შერჩევითი დიპლომატია! დიპლომატი თქვენ ხართ და იქნებ მიგვითითოთ, თუ რომელ ქვეყანაში, რომელი ელჩი ერევა ასე ღიად შიდა პოლიტიკაში და დაჟინებით მოითხოვს ხელისუფლებისგან კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს?
საკითხზე მეტს აღარ დავკონკრეტდები. ცუდი იქნება, თუკი ამის თქმის დრო დადგება. არადა, როგორც ჩანს, დადგება.
არ შეიძლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ელჩი არ გმობდეს ღიად ომის რიტორიკას ქვეყანაში; არადა, პირიქით, ელჩის სიჩუმე ერთგვარად ახალისებს იმ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაუფარავად ცდილობენ ჩვენი სამშობლოს ომში ჩართვას;
არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები ღიად აკრიტიკებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს იმ ეტაპზე, როცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნებულიც კი არ არის და, არავინ იცის, რით იხელმძღვანელა მოსამართლემ მისი გამოტანის დროს;
არ შეიძლება, არსებობდეს პასუხგაუცემელი კითხვები - იბარებენ თუ არა საელჩოს წარმომადგენლები მოსამართლეებს, სთხოვენ თუ არა ახნა-განმარტებებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და უწესებენ თუ არა მათ არაფორმალურ სანქციებს ამავე გადაწყვეტილებების გამო;
არ შეიძლება რომელიმე ქვეყანამ მიგვითითოს, მითუმეტეს, მოგვთხოვოს დეოლიგარქიზაციაში ის პიროვნება ვიგულისხმოთ, ვინც უპრეცედენტოდ დიდი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ხალხისთვის.
თქვენ საუბრობდით იაფფასიან პოლიტიკურ კლოუნადაზე და სრულიად გეთანხმებით - ის, რაც მოხდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ევროპაში, ნამდვილად იაფფასიანი პოლიტიკური კლოუნადაა.
თქვენ ამბობთ, რომ ეს უნდა ავიტანოთ, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ქართველი ხალხი ამ შეურაცხყოფას არ იმსახურებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი გუნდის მკაფიო არჩევანი დასავლური დემოკრატია და ევროკავშირში ინტეგრაციაა. სწორედ ამიტომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში ჩვენი დასავლური კურსი და ეს სწორედ ჩვენ გავაკეთეთ.
თქვენ წერთ, რომ დასავლეთში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენ არა ვართ დიპლომატები, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ვცდილობთ ქართველ ხალხში ის ღირებულებები გადავარჩინოთ, რომელიც ასე გაწირა ჩვენში თავად დასავლეთმა. დიპლომატი თქვენ იყავით 30 წლის განმავლობაში და თქვენ უნდა აგოთ პასუხი იმ გაურკვეველ დიპლომატიაზე, რომელმაც თქვენი წყალობით ეროვნული ღირსება შეულახა ჩვენს ქვეყანას. 30 წლიანი ცრუ მოლოდინები და ამ მოლოდინების ფონზე რუსეთისგან მუდმივი დაბომბვა არ არის ეროვნული ინტერესების დაცვა.
მრავალწლიანი ტყუილი პოლიტიკაში ამ შედეგამდე მიდის, რაც დღეს მივიღეთ - პოლიტიკური იმედგაცრუება. როგორც თავად ამბობთ, ამ ტყუილის ერთ-ერთი დიდი შემოქმედი თქვენც ყოფილხართ.
ახალ გლობალურ პოლიტიკაში საქართველო ნამდვილად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ეროვნული ღირსების მქონე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საუკეთესო პარტნიორობაც, მეგობრობაც და მტრის წინააღმდეგ თავგანწირვაც, მაგრამ არ სურს ქვეყანა ომის პოლიგონად აქციოს და გააცამტვეროს. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ამ ჯოჯოხეთისგან იხსნა და ამას ხედავს ხალხი. მართალია, ყველამ არ იცის, რა ზეწოლას გაუძლო ხელისუფლებამ ამისთვის და რა ხდებოდა კულისებში, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ამის გაკეთება არ იყო (და არ არის) ადვილი.
დღეს რომ სასწორზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დადებულიყო, სწორედ ამიტომ დავტოვეთ თანამდებობები და ვამხელთ ყველას, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის ან ომში ჩართვას, ან დასავლური კურსიდან გადახვევას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დავივიწყოთ დიპლომატიაც და პოლიტიკური ტაქტიც, რადგან დღეს გადასარჩენი ჩვენი ქვეყანაა და არა საკუთარი პოლიტიკური იმიჯი.
მართალია, დღეს დასავლურმა პოლიტიკამ ვერ გაუწია საქართველოს ლობისტობა მსოფლიო აგრესიულ პოლიტიკაში, პირიქით, ლამის ამ აგრესიის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გავხდით, მაგრამ დრო მალე შეიცვლება და ახალი მსოფლიო პოლიტიკა ახლებურად დაალაგებს ყველაფერს. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი იყო და ასე იქნება ყოველთვის.
თქვენ კი ბატონო თედო, გირჩევთ თქვენს დიპლომატიას ის მთავარი მიზანი დაამატოთ, რაც აქამდე გამოგრჩენიათ - ეროვნული ღირსება!
და ბოლოს, ბატონო თედო, რამდენიც არ უნდა წეროთ მაღალაკადემიური ცინიკური წერილები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დიპლომატიასთან, ვერ შეძლებთ ჩვენგან ანტიდასავლური პოლიტიკოსების სტიგმის შექმნას. პირიქით, ჩვენ სწორედ დასავლურ ღირებულებებს ვიცავთ საქართველოში, ნამდვილ დემოკრატიას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
P.S. ბატონო თედო, ნამდვილად არ გაკადრებთ, რომ „ამხანაგო/ამიგო ჯაფარიძე“ გიწოდოთ, მაგრამ, რადგან თქვენ თავს უფლება მიეცით და ასეთი ფორმით მოგვმართეთ, მეც მივცემ თავს უფლებას, საზოგადოებასაც ვუთხრა და თქვენც შეგახსენოთ: თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არც ერთს არ გვისწავლია და შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, არ გვიმუშავია მოსკოვის „აშშ-კანადის შემსწავლელ ინსტიტუტში“ და, თვით საბჭოთა კავშირშიც კი, ამ ყველაზე ანტიდასავლური დაწესებულების სახელით არ გვიბრძოლია „ძირგამომპალ დასავლურ იმპერიალიზმთან“ და მის ღირებულებებთან. იმ დროს, როდესაც თქვენ ამ საქმიანობით იყავით დაკავებული, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ნამდვილი დემოკრატიისთვის ვიბრძოდით" - წერს სუბარი სოციალურ ქსელში.