21-07-2022
,,ზოგადად, მხოლოდ ეს კითხვა არ არის პასუხგაუცემელი. თუმცა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა და ალბათ ის უფრო მეტად წარმოშვა მანამდე პასუხგაუცემელმა კითხვებმა. კითხვების უმეტესობა იყო იგნორირებული. მე ვფიქრობ, აშშ-ს ელჩისგან, არ არის სწორი ასეთი შეფასებები, რომ თითქოს ეს იყო ტყუილი,’’- ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მათ აქვთ კონკრეტული კითხვები აშშ-ს ელჩის მიმართ, როგორიც არის ტექნიკური მთავრობის საკითხი და სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადება.
,,არის თუ არა, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, მისთვის მისაღები და რა პოზიცია ჰქონდა მას მაგალითად, სახალხო დამცველის ომის რიტორიკაზე. მას რომ ურჩევნია ბომბები ცვიოდეს, ვიდრე სირცხვილი ჭამოს ქვეყანამ და ამ სირცხვილში გულისხმობდა სანქციებთან არმიერთებას საქართველოს მხრიდან. იყო ბევრი კონკრეტული კითხვა, რაზეც პასუხი არ იყო გაცემული. იგივე, მოსამართლეებთან დაკავშირებით. თუმცა, ბევრ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ადრესატი პასუხს არ სცემდა და ხშირ შემთხვევაში, ეს იყო აშშ-ს ელჩი, ის ზოგჯერ პასუხგაუცემელი არ რჩებოდა.
მაგალითად, მოსამართლეების შემთხვევაში, ჩვენ დავსვით კითხვა, ხომ არ იყო გარკვეული შეზღუდვის საფუძველი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლე ჩხიკვაძემ და ხომ არ შეეზღუდა ამის გამო მას ვიზიტი აშშ-ში.
ამერიკის ელჩმა ამ კითხვას თავი აარიდა, მაგრამ არ დააყოვნა თავად მოსამართლემ და თქვა, რომ თურმე ის დაიბარა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა და გადასცა ელჩის მოთხოვნა განმარტებებთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსათვის და მე ვფიქრობ, საელჩოებში არ უნდა წყდებოდეს სასამართლო გადაწყვეტილებების ბედი და მისი რევიზია არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ვითხოვდით ჩვენ და არც ერთ ჩვენს ტექსტში, თუ ზეპირსიტყვიერ განცხადებაში, არ იყო არც ერთი სიტყვა შეურაცხმყოფელი. თუმცა, ელჩისგან იყო გარკვეული არადიპლომატიური პასუხები და, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია,’’- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში.