11-06-2018
ქუთაისში, ბუხაიძის N 25-ე კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების მრავალწლიანი მოთხოვნა ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააკმაყოფილა. მოსახლეობამ კორპუსის ეზოში განლაგებული ძველი ავტოფარეხების აღების სურვილი გამოთქვა და სანაცვლოდ მათ ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილზე მინი სტადიონს მოუწყობს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბუხაიძის N 25-ე კორპუსის მოსახლეობას დღეს ადგილზე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო. მისი განცხადებით, ქალაქში ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის მეტი მოედანი, სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
,, ქალაქში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი, ასევე გასართობი მოედნები და მოსასვენებელი პარკები. ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს ძალიან მალე ადგილზე ახალი მოედანი ექნებათ. ვფიქრობ, მოსახლეობის მხრიდან ძველ ავტოფარეხებზე უარის თქმა და ადგილზე მოედნის აშენება ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთელი ქალაქი მოვიცვათ. იყოს რაც შეიძლება მეტი მოსასვენებელი ადგილი, რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას",-განაცხადა გიორგი ჭიღავრიამ.
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი უკვე დაიწყო.