23-07-2022
საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2022“ საჩვენებელი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საინჟინრო ქვედანაყოფებთან ერთად, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი მონაწილეობდა.
წვრთნების მიზანს საინჟინრო მხარდაჭერის კუთხით ქვედანაყოფების მომზადებისა და საშტაბო დაგეგმარების პროცესის დონის ამაღლება წარმოადგენდა.
წვრთნებში ჩართულმა პირადმა შემადგენლობამ თეორიულად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დღისა და ღამის პირობებში პრაქტიკული სავარჯიშოებით დახვეწეს. წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მიმდინარეობას დააკვირდნენ.
ქვედანაყოფები საინჟინრო დაზვერვის, დანაღმული ველების მომზადების, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების მოწყობის, გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ორგანიზების ოპერაციებს კოორდინირებულად ახორციელებდნენ. სწავლების პროცესში ყურადღება ძირითადად მობილურობისა და კონტრმობილურობის ოპერაციებზე იყო გამახვილებული.