25-07-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქობულეთში ახალი ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გახსნეს.
პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,100,000 ლარი შეადგინა.
პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, ველო ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები. ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი.
განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბულვარით უკვე ისარგებლებენ როგორც მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, ისე კურორტის სტუმრები.