11-06-2018
კურიოზი სოხუმი-მოსკოვის ურთიერთობებში: პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს ხელმოსაწერად შეუტანეს ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის სოფლის მეურნეობებს შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც აფხაზურ ენაზე იყო შედგენილი.
ამ “დასანანი კურიოზის” შესახებ კოლეგებს დღეს დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე აფხაზეთის სოფლის მეურნეობის “მინისტრმა” დაურ თარბამ აცნობა და განმარტა, რომ პროექტი რუსული თარგმანის გარეშე “უბრალოდ გაეპარათ”.
თავად დოკუმენტი რუსული მხარის მიერ აფხაზეთისთვის დახმარების სახით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებდა, მათ შორის – ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად.
“აღნიშნული ტექნიკა გამოსაგზავნად უკვე მზადაა და მომავალ კვირას უკვე უნდა მივიღოთ. თხოვნით მივმართავ მთავრობას, მხარი დაუჭიროს მხოლოდ რუსულ ენაზე შედგენილ პროექტს, რათა დოკუმენტის გამოწვევა არ დაგვჭირდეს და ტექნიკის გამოგზავნა არ შეგვიფერხდეს” - განაცხადა თარბამ.
აფხაზურმა მინისტრთა კაბინეტმა მისი რეკომენდაცია გაითვალისწინა.
accent