26-07-2022
დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ვინც თვლის, რომ რუსეთთან ომი და კონფრონტაცია ქვეყნისთვის საზიანოა, მას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტრენდი, პრორუსად აცხადებს - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ბოლო ხანებში ამ ჯგუფებს შორის განსაკუთრებით დაწინაურდნენ და დიდი გავლენა მოიპოვეს ე. წ. ულტრალიბერალურმა დაჯგუფებებმა. მათ იდეოლოგიად დამახინჯებული ლიბერალიზმი, ხოლო ბრძოლის მეთოდებად - ბოლშევიკურ-ფაშისტური მეთოდები აიღეს.
ვრცელ ფეისბუქ პოსტში ნანა კაკაბაძე საუბრობს იმაზე, თუ რა აქვთ საერთო ნაციონალებს, ფაშისტებს და ბოლშევიკებს.
„რა აქვთ საერთო ნაციონალებს, ფაშისტებს და ბოლშევიკებს
1.აზროვნება
2.მმართველობა
1 - აზროვნება შორს რომ არ წავიდეთ საკმარისია გავიხსენოთ, მე-20-ე საუკუნის ბოლშევიზმისა და ფაშიზმის წიაღში, „სამშობლოს მოღალატედ“ შერაცხული და სიკვდილით დასჯილი მრავალი ადამიანი. მათი უმრავლესობა,სამშობლოს მოღალატეებად მხოლოდ იმიტომ გამოაცხადეს, რომ გაბატონებულისგან განსხვავებული მიდგომები მიაჩნდათ მათ სამშობლოს განვითარების ორიენტირად. დემოკრატიულ საზოგადოებაში, დამკვიდრებული იდეოლოგიის საწინააღმდეგო პოზიცია, მიჩნეულია ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულებად და არა დანაშაულად ან ცუდ ტონად.
სამწუხაროდ, დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებაშიც არიან ულტრამემარჯვენე თუ ულტრამემარცხენე (პროფაშისტური ან პროკომუნისტური) ჯგუფები, რომელთათვისაც, განსხვავებული იდეოლოგიის მომხრე, ყველა სამშობლოს მოღალატეა.
ბოლო ხანებში ამ ჯგუფებს შორის განსაკუთრებით დაწინაურდნენ და დიდი გავლენა მოიპოვეს ე. წ. ულტრალიბერალურმა დაჯგუფებებმა. მათ იდეოლოგიად დამახინჯებული ლიბერალიზმი, ხოლო ბრძოლის მეთოდებად - ბოლშევიკურ-ფაშისტური მეთოდები აიღეს. „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჭეშმარიტების და სამშობლოს მტერია“. ჭეშმარიტებასა და სამშობლოს ინტერესებს კი მხოლოდ თვითონ წარმოადგენენ. ჩვენი ე. წ. ლიბერალები თავს გამოხატვის თავისუფლების დამცველებად აცხადებენ, მაგრამ როგორც კი ოპონენტის განსხვავებულ პოზიციას აწყდებიან, მაშინვე მას „სამშობლოს მოღალატედ“ შერაცხავენ. ისინი გამოხატვის "თავისუფლებას", მათ მიერვე დაწესებულ ფარგლებსა და ჩარჩოებში ხედავენ. ანალოგიურად აზროვნებდნენ და იქცეოდნენ ფაშისტები და კომუნისტები. ფაშისტები დასაშვებად მიიჩნევდნენ აზრს,რომელიც „არიული რასის“ უპირატესობას აღიარებდა.
კომუნისტები დევნიდნენ აზრს, რომელსაც ეჭვი შექონდა კომუნისტური წყობის უპირატესობაში "ძირმომპალ" კაპიტალიზმთან. როგორია ქართველი ფსევდოლიბერალების პოზიცია საწინააღმდეგო აზრის მიმართ? დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ვინც თვლის, რუსეთთან ომი და კონფრონტაცია ქვეყნისთვის საზიანოა, მას ფაშისტურ-ბოლშევიკური ტრენდი, პრორუსად აცხადებს.
პრორუსი კი ლიბერალური მედიისა და ნაც.მოძრაობის ლიდერების მიერ დამკვიდრებულია, როგორც მიუღებლის,-ნაძირალის, ქვეყნის გამყიდველის, რუსეთის აგენტის სინონიმად. საქმე იქამდეც მიდის, რომ ლამის კანონის დონეზე მოინდომონ ამ ფაშისტური პოზიციის მიღება. იგნორირებულია ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური დებულება, რის მიხედვითაც საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეიძლება იყოს დასჯადი. დემოკრატიულ ქვეყანაში ის დაცულია როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმით.
აქედან გამომდინარე, აზრის გამოხატვის გამო ადამიანის მონათვლა ქვეყნის მოწინააღდეგედ, არის სწორედ დასავლურ ღირებულებებთან და ქვეყნის ინტერესებთან დაპირისპირება. თუ ადამიანი ფიქრობს და ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს, ქვეყნის გადარჩენისა და წინსვლის გზა გადის არა ევროპაზე, არამედ რუსეთზე, ჩინეთზე, თურქეთზე ან სხვა ქვეყანაზე, ეს არის მისი აზრი, პოზიცია, ორიენტაცია (სწორი ან არასწორი) და არა ღალატი, დანაშაული, აგენტობა და ა.შ. საღად მოაზროვნე ლიბერალი განსხვავებულ პოზიციას ფაშისტურად კი არ ჩაქოლავს, არამედ თავისუფალ აზრთა ჭიდილში დაასაბუთებს. ასე იბადება ჭეშმარიტება.
2.მმართველობა - გავიხსენოთ, რომ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყვლაზე ხმამაღლა გაჰყვიროდა, რუსეთი არ მინდა და პროდასავლელი ვარო, ხალხს აწამებდა ციხეებში, ხოცავდა ქუჩებში, უკანონოდ იჭრებოდა ყველას პირად ცხოვრებაში, არეკეტებდა ბიზნესს და ზღუდავდა თავისუფალ მედიას, თავისუფალ სიტყვას, იპარავდა არჩევნებს და აუქმებდა სასამართლოს. ასეთები არიან ნაციონალები და მათი ანასხლეტები.
ისინი აბულინგებენ განსხვავებული პოზიციის გამომხატველებს, ვისაც ეჭვი შეაქვს, ნატოსა და ევროკავშირში ჩვენს მიღებაზე და მას მხოლოდ ქიმერად განიხილავს. ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოს კვებავს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის, ან, თუ ვინმე იტყვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა მიიღწევა რუსეთთან მოლაპარაკებით და ეს გზა უნდა ვცადოთ, ან თუ ვინმე გამოთქვამს იმის ვარაუდს, რომ უკრაინასთან ომში შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს და მოახდინოს დონბასის ანექსია.
ასეთ ადამიანს მაშინვე მიაკერებენ „მოღალატის“ იარლიყს. ე. წ. ლიბერალები არც კი უშვებენ, რომ შეიძლება ეს ადამიანი აგენტი ან მოღალატე კი არა, უბრალოდ ასეთად მოაზროვნეა, მცდარი ან მართალია, მაგრამ გულწრფელად ფიქრობს, რომ მისი სამშობლოსათვის ასეა უკეთესი. სწორედ ასეთ მახინჯ ლოგიკას, პოლიტიკური კონიუნქტურის გაუთვალისწინებლობას მივყევართ ჩვენი სათაყვანებელი მეფის, ერეკლე II-ის, სამშობლოს მოღალატედ გამოცხადებამდე, რომელსაც ქვეყნისათვის ბრძოლაში 60-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიღებული.
ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თავს ლიბერალად თვლიან. ისინი, ამ ეტაპზე ოპონენტების საზოგადოებისგან მოკვეთას მოითხოვენ, ვინაიდან მეტი არ შეუძლიათ, მაგამ თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოახერხებენ, ამასაც არ იკმარებენ და "მოღალატეების" სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.
სწორედ ამ ე.წ. ლიბერალების პოზიციებია ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი. ასეთია "ლიბერალის" უწყინარ ქურქში გახვეული ფაშისტებისა და ბოლშევიკების ნამდვილი სახე, რომლის პრაქტიკული განხორციელება, ქართველმა ხალხმა 2004-2012 წლებში თავის თავზე გამოსცადა“ - წერს ნანა კაკაბაძე - Facebook-ზე.