26-07-2022
„როგორც მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში აშშ-ის ჩართულობის გულშემატკივარმა, ვიცი, წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა აშშ-ის მხრიდან ამ საქმეში და ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას. მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა განმარტებების გაკეთება, მათ შორის, მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ცოტა გასაკვირია ეს ბუნდოვანება, რომელიც, სამწუხაროდ, ამ საკითხში რჩება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი გერმანულ ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამივე ქვეყანაში რეფორმების ხელშეწყობით იყო დაკავებული გერმანიის მთავრობის მხრიდან. ვიყავი ისეთ პროგრამებში ჩართული, რომელიც მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობდა ხელს, მათ შორის, საზღვარგარეთ. კარგად ვიცი, თუ რამხელა წვლილი, როლი და ღვაწლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სასამართლო სისტემის და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ, მიკვირს, რომ ეს ბუნდოვანება კვლავ შენარჩუნებულია.
ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდა ზეწოლასთან - ეს ერთი და მეორე - შესაძლოა, საქმე გვქონდა დისკრიმინაციულ მიდგომასთან მოსამართლის მიმართ. ამაზე, ნაცვლად გამჭვირვალე განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა. როგორც გულშემატკივარმა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობისა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, ვიცი, წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა ჩადებული შეერთებული შტატების მხრიდან ამ საქმეში, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას და მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა განმარტებების გაკეთება, მათ შორის, მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.