26-07-2022
მიმდინარე წლის 26 ივლისიდან მაგისტრანტობის მსურველები 2022 წლის გამოცდებში ჩაერთვნენ. ტესტირება ორი დღის განმავლობაში ტარდება.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველ დღეს ტარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია.
„საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან და ნებისმიერ სამ ნაწილში ზღვრის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელს საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ეთვლება. დეტალური ინფორმაცია მითითებულია გზამკვლევში, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.
მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში - პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით. 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით 2022 წლის საგამოცდო პროცესის ძირითადი სესიები დასრულდება.
გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.
დამატებით სესიებთან დაკავშირებით ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.