29-07-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო. კომისია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სხვადასხვა თემატურ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს. კომისიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს და მასში ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება და საჯარო სამართლის იურიდიული პირია ჩართული.
კომისიის სხდომაზე, სამიზნე ქალაქებში (თბილის, ბათუმი და რუსთავი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული ვითარება, ჰაერის ხარისხის მართვის ეროვნული სისტემა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მომავალი გეგმები განიხილეს.
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყარო მრავალმხრივია. საკითხის გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომასა და აქტიურ თანამშრომლობას საჭიროებს სახელმწიფო უწყებებს შორის. ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა სწორედ სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, რამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამ ღონისძიებებს შორისაა საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება, ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექნიკური გაუმჯობესება, სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების რეგულირების კონტროლი და გარემოს დაბინძურების შემთხვევებზე სანქციების გაზრდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმდინარე რეფორმა სრულად ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივებს. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში.
„ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, მსხვილ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების მიზნით, სამინისტრომ დაიწყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სამი გეგმის შემუშავება. კერძოდ, ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდება ორი გეგმა - ქალაქ თბილისის აგლომერაციისთვის და შავი ზღვის ზონებისთვის, სადაც შედის ქალაქი ბათუმი. მესამე გეგმა ცენტრალური ზონისთვის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შემუშავდება, სადაც ქალაქი რუსთავი შედის. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას გაწეული მხარდაჭერისთვის; სწორედ ევროკავშირის გამოცდილი ექსპერტები დაგვეხმარებიან ისეთი ღონისძიებების დასახვაში, რომელთა განხორციელებაც მსხვილ ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მინისტრმა.