გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

«EuroNews»: ჯვრის მონასტერი-ქართული არქიტექტურის განსაკუთრებული ძეგლი

12-06-2018

ევროპული სამაუწყებლო კომპანია EuroNews (შტაბ-ბინა ლიონში, საფრანგეთი), აგრძელებს ვიდეოსიუჟეტების გადაცემას საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ტელეეთერში კლაუდიო როსმინოს ავტორობით 11 ივნისს გაშვებული ვიდეომასალის რეზიუმეს:

„ჯვრის მონასტრიდან, რომელიც ქალაქ მცხეთასთან, თბილისიდან ჩრდილოეთით, 24 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და VI საუკუნეშია აგებული, ზღაპრული ხედი იშლება. მონასტერი დიდი ხის ჯვრის ადგილზე აუშენებიათ, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, საქართველოში წმინდა ნინოს შემოუტანია. მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყანაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება.

ჯვრის მონასტერი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილია. ის 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მონასტრის ასაგებად საოცარად მშვენიერი ადგილია შერჩეული - მთის მწვერვალი ორი მდინარის შესართავთან.

მისი მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგია და საინჟინრო მეთოდები ქართველი ხუროთმოძღვრების მაღალ ოსტატობაზე მოწმობს. საუკუნეებს გადარჩენილი ეკლესია არქიტექტურის ულამაზესი ნიმუშია, რომელიც საქართველოს სხვა ტაძრების აგების დროსაცაა გამოყენებული.

„ჯვრის მონასტერს, რამდენიმე მიზეზის გამო, საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ბუბა კუდავა, - „ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მას უკავშირდება საქართველოში ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. გარდა ამისა, თქვენ თვითონვე შეგიძლიათ შეაფასოთ არქიტექტურის, ლანდშაფტისა და სულიერების ერთობლიობა“.

ჯვრის მონასტერი დღესაც მოქმედია. დიდი ზეიმების დროს აქ ღვთისმსახურებაც მიმდინარეობს ხოლმე“-ნათქვამია სიუჟეტში.

newspress