12-06-2018
საპროტესტო აქციების შემდეგ ჭიათურაში ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მეცხრე დღეა ოთხი ადამიანი შიმშილობს. ერთი მათგანი ქუთაისის ციხეში, რომელიც 26 მაისს დააკავეს.
ადგილობრივი მკვიდრის, დათო ჭუმბურიძის თქმით მოშიმშილეები საავადმყოფოში გადაყვანასა და მედიკამენტების მიღებისგან უარს ამბობენ.
"ცუდად არიან უკვე. უწყებებისგან, რომლებსაც მივმართეთ არანაირი გამოხმაურება არ მიგვიღია. სანამ ფატალური შედეგი არ დადგება, ამ ქვეყანაში არავინ არაფრით არ ინტერესდება. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იყვნენ თავიდან, სანამ შიმშილობა დაიწყებოდა. თუმცა, მის მერე არ გამოჩენილან და ადგილზე სიტუაციას არ გაცნობიან", - ამბობს დათო ჭუმბურიძე.
ადგილობრივებს აღნიშნული თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პეტიციაც აქვთ გაგზავნილი. აგროვებენ ხელმოწერებსაც. იმისთვის ხმა მიაწვდინონ, ისინი შინაგან საქმეთა ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
ჭიათურის პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის გადადგომის გარდა, ჭიათურელების მოთხოვნაა მიმდინარე წლის მაისში დაკავებული, თემურ გიშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირება.
"მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე, არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას", - ამბობენ ისინი.
მათივე თქმით, მიმდინარე წლის 26 მაისს პოლიციის უფროსის მოადგილე, მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღებულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დაკავებული და პოლიციის შენობაში გააყვანილი იქნა 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2- დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
"მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ-ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას", - ნათქვამია პეტიციაში.
დაინეტერესდნენ თუ არა შესაბამისი უწყებები აღნიშნული ფაქტით - ამის გასარკვევად ქუთაისიპოსტი საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპრატს დაუკავშირდა. მათ პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შეგატყობინებთ.