3-08-2022
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების საკითხები, უკვე მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, რაც თავისთავად მოიაზრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განსაზღვრას.
„ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება ვალდებულებების ვრცელ ჩამონათვალს ითვალისწინებს. ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას და სოფლის მეურნეობას. აღნიშნული მიმართულებებით საქართველოს ხელშესახები პროგრესი უკვე აქვს. მნიშვნელოვანია, შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კვლავ გაგრძელდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, თემატური კომუნიკაცია გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები შედეგზე ორიენტაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს თემატური მოხსენება წარუდგინა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწევებზე.
შეხვედრას გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებების არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.