13-06-2018
ხელვაჩაურში, ახალსოფელში სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელმძღვანელობისგან კუთვნილი ხელფასების აღებას ითხოვენ. მათი განცხადებით, 35 თანამშრომელს სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღია, ხელმძღვანელობისგან მხოლოდ შეურაცხყოფას იღებენ და მათ არაადამიანურ პირობებში ამუშავებდნენ.
აქციის მონაწილეები ხელფასის მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციების გამართვასა და ბათუმის-სარფის ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ.
„ბოლო სამი თვეა გვატყუებდნენ მალე იქნება ხელფასიო. საწარმოს „ინსეთ ეშენ ტექსტილი“ ჰქვია და მისი დამფუძნებელი თურქეთის მოქალაქეა. რამდენიმე დღის წინ უმრავლესობა დაგვითხოვეს ისე, რომ დღემდე არ ვიცით სამკერვალო საერთოდ დაიხურა თუ დროებით. ხელფასებზე საერთოდ არავინ გველაპარაკება. რაც შეეხება პირობებს, არ იყო კვება და წყალი, იყო ანტისანიტარია, ვირთხები თავზე გვახტებოდნენ და ასეთ მძიმე პირობებში ვმუშაობდით“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელენე ქამადაძე.
აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ და განუცხადეს, რომ თანხის მისაღებად სასამართლოს მიმართონ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მერია ვერ დაეხმარებათ.