12-08-2022
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნა ისეთი საზოგადოებრივი სამუშაოები, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში დასაქმების პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონში დასაქმებულებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდნენ.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი - სიღარიბის დაძლევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით არის შესაძლებელი. შრომისუნარიანი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია, გახდნენ მოტივირებულები და კონკურენტუნარიანები. სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებს სწორედ ამის საშუალებას აძლევს. ერთი მხრივ, ისინი არიან რეალიზებულნი, მეორე მხრივ, გაუმჯობესებულია მათი ეკონომიკური მდგომარეობა, გაზრდილია მათი შემოსავალი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმება არ ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას. მათ 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება შემწეობა. პროგრამაში მონაწილეობით, კი, დამატებით, ანაზღაურებას იღებენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში: სურსათის და გარემოს ეროვნულ სააგენტოებში, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, დაცული ტერიტორიების და ეროვნულ სატყეო სააგენტოებში, საქართველოს მელიორაციაში 2 160 სამუშაო ადგილი შეიქმნა. დღეისათვის, სხვადასხვა პოზიციებზე, უკვე დასაქმებულია სოციალური შემწეობის მიმღები 989 პირი, აქედან, 464 სურსათის და 75 გარემოს ეროვნული სააგენტოებში მუშაობს, 233 პირი ეროვნული სატყეო სააგენტოს, 137 დაცული ტერიტორიების სააგენტოს, 9 სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის და 71 საქართველოს მელიორაციის თანამშრომელია. მიმდინარე წლის ბოლომდე, სამინისტროს სისტემაში, დამატებით, კიდევ 1171 მოქალაქე დასაქმდება.
მინისტრები ადგილზე გაეცნენ აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ზესტაფონის „საქმიან ეზოში“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამაში დასაქმებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საქმიანობას და სამუშაო პირობებს.
დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ესწრებოდნენ.