15-08-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რთველთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს მოსავალი იქნება რეკორდული - დაახლოებით, 300 000 ტონა. შარშან, ქვეყანაში, დაახლოებით, 240 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა.
„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარება და მასზე ზრუნვა. წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ ამ კუთხით, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ქართული ღვინის პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე, ასევე, ღვინის ხარისხზე ზრუნვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღვინო მსოფლიო ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი და შევძლოთ უფრო მეტი ექსპორტის განხორციელება. შედეგები სახეზე გვაქვს. შარშან გვქონდა რეკორდული, 107 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას თითქმის ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე; მაგალითად, პოლონეთში გვაქვს თითქმის 40 %-იანი ზრდა. პირველი შვიდი თვის მონაცემებით, აშშ-ში გვაქვს 16 %-იანი ზრდა, იაპონიაში დაახლოებით გაორმაგებული მაჩვენებლები, ასევე ზრდა გვაქვს ჩინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და სხვა პრიორიტეტულ ბაზრებზე. ეს, რა თქმა უნდა, არის იმ ღონისძიებების და პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ; ყოველწლიურად, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი თანხები მიიმართება. ჩვენ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ამ კამპანიას და, მომავალ წლებში, ვგეგმავთ, მეტი რესურსი დავხარჯოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს უკეთესი შედეგი და გავზარდოთ ექსპორტის მაჩვენებლები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა განმარტა, წლევანდელ რთველთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება - ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს.
„ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი მევენახისთვის. ჩვენ დაახლოებით 25 000 მევენახეზე ვსაუბრობთ და დაახლოებით 300-მდე საწარმოზე, რომლებიც ჩართული იქნებიან რთველის პროცესში. ეს არის აუცილებელი და უალტერნატივო გზა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დარგის განვითარება, ხელი შევუწყოთ და შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გვაქვს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ზრდა გვაქვს პრიორიტეტულ ბაზრებზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე სამწუხარო მოვლენების, ომის გამო, ბაზარზე, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, გვაქვს დაახლოებით 50%-იანი შემცირება, რამაც მთლიან, ღვინის პროდუქციის ექსპორტზე გარკვეული გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, მიღებულია სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ წელსაც ვეხმარებით დარგს, მევენახეებს, საწარმოებს, რომ შევინარჩუნოთ დარგის განვითარების დინამიკა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ ყურადღება ღვინის ხარისხის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვახორციელებთ ამ კუთხით. ექსპორტის ნაწილში ჩართული გვყავს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ამოწმებენ საექსპორტო ღვინის ხარისხს, მის შესაბამისობას არსებულ ნორმებთან. ასევე, შარშან, ჩვენ ჩავატარეთ კადასტრი კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მიმდინარე წელს, აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად მოვრჩებით ამ პროცესს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, რომ მნიშვნელოვანია, ქარხნებში ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ჩვენი ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც აისახება ფასზე.
საორგანიზაციო შტაბი შექმნილია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რთველის პროცესს; მასში ჩართულია სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი ხელისუფლება, ყველა შესაბამისი უწყება იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კოორდინირებულად წარიმართოს, თითოეული კილოგრამი ყურძენი გადამუშავდეს და არ დარჩეს ჩაუბარებელი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.