17-08-2022
"დასანანია, რომ ცალკეულ ამერიკელთა ინტერესები გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკების სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი მიდგომები აჩენს ეჭვებს, რომ ხომ არ არის ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეტევის სხვადასხვა მიმართულებები, რომელსაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყანასთან არა მეგობრული ურთიერთობის განვითარება, არამედ პატრონ-ყმური სტანდარტის დამკვიდრება მოჰყვეს“- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხარო რეალობაა, როდესაც ხედავ "სარეკომენდაციო წერილით" ცდილობენ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სასამართლო სისტემაში არათუ ჩარევას, არამედ ზეგავლენის მოპოვებას. პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ასეთი ჩარევები არათუ აზიანებს ადგილობრივ სისტემას არამედ საბოლო ჯამში უკუშედეგებიც მოაქვს. ამას ემატება ურეიტინგო რადიკალებისა და მავნებელ არასამთავრობოების მონური მხარდაჭერა და აღტკინება ნებისმიერი უცხოური "ინიციატივების" მიმართ.
კიდევ უფრო დასანანია, რომ ცალკეულ ამერიკელთა ინტერესები გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკების სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზესახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენელი თავსაც ზეადამიანად მიიჩნევს, და სწორედ ამ კუთხიდან ცდილობს ცალკე ბატონ ივანიშვილზე ზეწოლას, რეალურად კი საკმაოდ სერიოზულად აზარალებს მანამდე, ავტორიტეტულ შვეიცარული ბანკების რეპუტაციას.
სწორედ ასეთი მიდგომები აჩენს ეჭვებს, რომ ხომ არ არის ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შეტევის სხვადასხვა მიმართულებები, რომელსაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყანასთან არა მეგობრული ურთიერთობის განვითარება, არამედ პატრონ-ყმური სტანდარტის დამკვიდრება მოჰყვეს. ჩვენ ქართველები 200 წელზე მეტია რუსეთის იმპერიას ვებრძვით, სწორედ იმის გამო რომ სუვერენიტეტი წაგვართვა, მანამდე კი თავი ხან არაბებს, ხან, მონღოლებს, ოსმალებსა თუ სპარსელებს შევაკალით. მართალია დიდი მსხვერპლისა და ტერიტორიების ფასად, მაგრამ დამოუკიდებლობას ვერ ვთმობთ. გვიყვარს მეგობრები, ხელგაშლილი ვხვდებით სტუმარსა და მოყვარეს, მაგრამ ჩვენთან, უფროს ძმობას და მით უფრო უფროსობას ნურავინ ტყუილად ნუ შეეცდება !“- წერს ნიკოლეიშვილი.