14-06-2018
ფოთის N5 საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის შეუსაბამო პირობებთან დაკავშირებით “თაიმერი” ბაღის გამგესა და ერთ-ერთი მშობელს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, პირობებით ორივე მხარე უკმაყოფილოა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ბავშვების დათხოვნის პერიოდს დაუმთხვევენ.
“თაიმერი” ფოთის N5 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც ბავშვებს ძველ, ნესტიან შენობაში უწევთ ყოფნა. არ არის ბუნებრივი აირი, სამზარეულოსა და ტუალეტებში სანიტარული ნორმები არ არის დაცული. შენობას, სიძველის გამო, კედლები სცვივა და დამლაგებელს შენობის დასუფთავება დღეში რამდენჯერმე უწევს. მოუწესრიგებელია ასევე, გარე ინფრასტრუქტურაც.
როგორც ერთ-ერთი მშობელი, თამუნა აბშილავა “თაიმერს” უყვება, ბაღში არსებული პირობებისა და არასაკმარისი რაოდენობის საწოლების გამო, ბავშვებს შუადღის ძლი მორიგეობით უწევთ.
“ბაღში საშინელი პირობებია. მოხარული ვიქნებით თუ რემონტი გაკეთდება და ბავშებიც უკეთეს პირობებში იქნებიან. არც სათამაშოები აქვთ ბავშვებს ნორმალური, გაყვანილობაც მოუწესრიგებელია და სველი წერტილებიც. ვწვალობთ ყველა ერთად, ბავშვებიც, მშობლებიც და მასწავლებლებიც. შუადღეს ყველა ბავშვის დაძნებას ვერ ახერხებენ, საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ბავშვებს მორიგეობით აძინებენ”, – აღნიშნა თამუნა აბშილავამ.
ბაღის გამგე, ქეთო ხოშტარიაც ადასტურებს, რომ ბაღში მართლაც ბავშვებისთვის შეუსაბამო პირობებია. შენობის სიძველის გამო ისინი სანიტარული ნორმების დაცვას სრულყოფილად ვერ ახერხებენ.
“ბაღი გასარემონტებელია. ვერ ხერხდება იმ დონეზე გაწმენდა-დასუფთავება როგორც საჭიროა. შენობა ძველია და კედლები ცვივა. ჩვენი თანამშრომლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ სისუფთავე დავიცვათ და ბავშვები შედარებით უკეთეს პირობებში ვამყოფოთ, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობა არ გვაძლევს ამის საშუალებას. ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის საწოლებიც არ გვაქვს და ყველა ბავშვის დაძინებას ვერ ვახერხებთ.
მივიღეთ შენიშვნები შენობაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პროექტი შედგენილია, ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია და როდესაც ბავშვებს დავითხოვთ, მათ პირობებზე ზრუნვას დავიწყებთ. სამუშაო პროცესში ვართ და ამიტომაც ვერ ვახერხებთ რემონტის დაწყებას”, – განაცხადა N5 საბავშვო ბაღის გამგემ, ქეთო ხოშტარიამ.
ქალაქ ფოთის ბაღების გაერთიანების დირექტორი, მარგო ჯანიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ბაღში არსებულ ვითარებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნულ ბაღში სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, როცა სასწავლო პროცესი დასრულდება. სექტემბერში კი ბავშვებს ნაწილობრივ გარემონტებული შენობა დახვდებათ. თუმცა ბუნებრივი აირის პრობლემას მწირი ბიუჯეტის გამო, მაინც, ვერ მოაგვარებენ.