გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავზრდით ნაკადს

22-08-2022

საქართველოს მთავრობა და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების ე.წ. შუა კორიდორში, ანუ ტრანსკასპიურ დერეფანში მოზიდვის საკითხზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროცესის პირველი ძალიან მკაფიო მაგალითი იყო პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტები შუა აზიის ქვეყნებში.


„უმაღლესი დონის შეხვედრები გვქონდა როგორც თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ვიხილავდით ზუსტად ამ საკითხებს - როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე. ამაზე ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთში და მათ შორის ყაზახეთშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ვიზიტებამდეც გვქონდა მუშა პროცესი, არაერთი დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და ასევე ქართული დელეგაციების ვიზიტი ყაზახეთში და შუა აზიის სხვა ქვეყნებში - რომ ტექნიკურ დონეზე გაგვევლო ბევრი საკითხი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილი ინფორმაციით, სწორედ ამ სამუშაო პროცესის ნაწილია ხვალ თბილისში დაგეგმილი ტრანსპორტის მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრები. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ამ სატრანზიტო შესაძლებლობების, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს. თუმცა, მისი განმარტებით, პროცესი ძალიან ბევრ ნიუანსს მოიცავს, რომლებზეც მხარეები აქტიურად მუშაობენ.


„საუბარია ამ სატრანზიტო შესაძლებლობების, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე იმისთვის, რომ ჩვენ არათუ მოვიზიდოთ ახალი ტვირთები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, არამედ დიდი ხანი მოვახერხოთ ჩვენს დერეფანში ამ ტვირთების დამაგრება ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, თუმცა, ეს ერთ დღეში ალბათ ვერ მოხერხდება, ძალიან ბევრი ნიუანსია - საუბარი არ არის მხოლოდ ერთი ტიპის გადაზიდვებზე, ერთი ტიპის პროდუქტზე, ასევე არსებობს უფრო ხანგრძლივი საშუალოვადიანი შეთანხმებები. როდესაც სახელმწიფოები საუბრობენ, არის ძალიან ბევრი კერძო კომპანია, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის ნავთობპროდუქტების უშუალო მესაკუთრეები ხშირ შემთხვევაში არიან საერთაშორისო კონსორციუმები, საერთაშორისო ნავთობკომპანიები შუა აზიაში, რომელთა გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრთან ერთად ამ კომპანიებთან გვქონდა ცალკე, დამატებითი კომუნიკაცია და საუბარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშა პროცესი ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, როგორც არასდროს აქამდე. მისივე შეფასებით, შესაძლებლობები საკმაოდ დიდია, თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სინქრონში იმუშავებენ დერეფნის მონაწილე ქვეყნები ერთმანეთთან და როგორი გამართული იქნება ერთი მხრივ ინფრასტრუქტურა და მეორე მხრივ მომსახურებები.


„ასე რომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. კი, ვადასტურებთ რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავზრდით ნაკადს. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ მიმართულებით უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება - სამუშაო პროცესი დროს მოითხოვს და ეს წელი ამას დასჭირდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.