23-08-2022
„სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იმისთვის, რომ ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები კორიდორში დარჩეს ხანგრძლივი დროით. შესაბამისად, შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები ჩვენს კლიენტებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელზეც სამი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამმხრივი შეხვედრა თურქეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრების მონაწილეობით და ამ ფორმატში იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური გახდა. მისი განმარტებით, საუბარი შეეხო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის საკითხს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილი სატვირთო ნაკადების ოპტიმალურად გადაზიდვა მოხერხდეს.
„ზოგადად, შუა დერეფანი აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. შესაბამისად, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას კონკრეტული პრობლემებიც განიხილეს და მათი გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს.
„ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.