27-08-2022
თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართული საერთაშორისო გამოფენის APIMONDIA 2022 ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ იშტვან ნაგის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხედვებზე, მიდგომებსა და მექანიზმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია წარმოება გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული.
გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თაფლის წარმოების პოტენციალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია დარგის მხარდაჭერა, მათ შორის, მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა.
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დაინტერესდა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროგრამებით და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნის საკითხით.
სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გიორგი ხანიშვილმა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში მოიწვია.
გამოფენაში APIMONDIA 2022 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტოს დასრულდება.