29-08-2022
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა.
„ჩემი ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა განვადებით მშენებლობას, ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და რომელიც შეეხება დევნილებისთვის სახლების მშენებლობას განვადებით. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ 13 000 ოჯახზე და ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება. ჯამში, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები, ბინები, სახლები გადაეცემა 13 000-მდე ოჯახს. 7 000 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში, ხოლო დარჩენილი 6 000 ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენს დევნილებს ღირსეული პირობები შევუქმნათ მანამ, სანამ ისინი არ დაბრუნებულად აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ათასობით ოჯახს გადავეცით ბინები და საცხოვრებელი სახლები", - განაცხადა პრემიერმა.