29-08-2022
,,ჯაშუში - ჯაშუშია, როგორი გამრუდებულ/გაუკუღმართებული გამართლება არ უნდა მოეძებნოს ამ მცნებას. უცხო ქვეყნის აგენტი შენს ტერიტორიაზე, არ შეიძლება სარგებლობდეს თუნდაც "საპარტნიორო მეკავშირის კუთვნილების" ინდულგენციით,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიგა ბოკერიას ნათქვამს, რომ რუსეთის აგენტობას „ცეერუს“ აგენტობა ჯობია.
როგორც ქართველიშვილი წერს, სპეცსამსახურებს არ გააჩნიათ არც მუდმივი მოწინააღმდეგეები და არც მუდმივი მეგობრები. ამიტომ, ნებისმიერი უცხო ქვეყნის ინტერესებში შემავალი შენი აგენტურული საქმიანობა - საქართველოს წინააღმდეგ ჩადებული ნაღმის ტოლფასია.
"მსტოვართა აპარატზე პირველად წავიკითხე კონსტანტინეს "დავით აღმაშენებელში". სწორედ აქედან გადმომყვა ამ პატრიოტ და მამაც მზვერავებზე აღმატებული და რომანტიკული წარმოდგენა, რომელიც შემდგომ უკვე ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გამომადგა. ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესების დამცველი მსტოვარი, საიდუმლო თანამშრომელი, კონფიდენტი, აგენტი - ურთულესი, საპასუხისმგებლო, უხილავი და უმეტეს შემთხვევაში, საჯაროდ დაუფასებელი კატეგორიაა. მათი საქმიანობა მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ჯაშუშების საქმიანობისაგან და მეტწილად, სწორედ ამ ჯაშუშების გამოსავლენად არის მიმართული. ჯაშუში - ჯაშუშია, როგორი გამრუდებულ/გაუკუღმართებული გამართლება არ უნდა მოეძებნოს ამ მცნებას.
უცხო ქვეყნის აგენტი შენს ტერიტორიაზე, არ შეიძლება სარგებლობდეს თუნდაც "საპარტნიორო მეკავშირის კუთვნილების" ინდულგენციით. სპეცსამსახურებს არ გააჩნიათ არც მუდმივი მოწინააღმდეგეები და არც მუდმივი მეგობრები - მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამიტომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ინტერესებში შემავალი შენი აგენტურული საქმიანობა - საქართველოს წინააღმდეგ ჩადებული ნაღმის ტოლფასია. ამის კლასიკური მაგალითია, მეორე სამამულო ომში მოქმედი "პოლიცაების" ინსტიტუტი. საბჭოთა ეპოქის დროს ითვლებოდა, რომ ეს იყო ოკუპანტ-ფაშისტებთან კოლაბორაციაში მყოფი ადგილობრივი მოღალატე აგენტურა, რომელიც საკუთარ ყოფილ თანამემამულეებთან მიმართებაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. გავიდა ხანი, და იმავე ისტორიულ მოვლენებზე გაჩნდა მკვეთრად საწინააღმდეგო მოსაზრება: ოკუპანტი - საბჭოთა კავშირი იყო, ფაშისტები - განმათავისუფლებლები, ხოლო "პოლიცაები" - გმირები. დღეს საქართველო შესულია თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების ურთულეს სტადიაში. ჯერ კიდევ გუშინ, უპირობო სტრატეგიული მეკავშირის მხრიდან, არაა გამორიცხული - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამანგრეველ ომში ჩაბმის ღია მოწოდებები და პრაქტიკული ბიძგები ვიხილოთ. სწორედ იმ აგენტურის ხელით, ვინც დღეს ამაყობს ამ პარტნიორთან თავისი მსგავსი ტიპის თანამშრომლობით. დღეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, უკვე ისმის მოწოდებები: "მსოფლიომ დაივიწყოს, რომ კოსოვო - სერბეთის ისტორიული და სახელმწიფოებრივი შემადგენელი ნაწილია". დღეს ძალზე ძნელია გამორიცხო მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოსთან მიმართებაშიც - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილში. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გავიგეთ გარკვეული მოწოდებები: "თუ თქვენ ამ რეგიონებს თავის კუთვნილებად თვლით - ცეცხლითა და მახვილით დაიბრუნეთ ისინი!". არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სამშვიდობო "ჯიუტი" პოლიტიკით გადაღლილმა "ომის საერთაშორისო პარტიამ", ჩვენი მისამართითაც გამოაცხოს - "დროა დაივიწყოთ ისინი". დღეს საქართველოში ოკუპანტის იქნება, თუ შენი საერთაშორისო პარტნიორის აგენტურა - მათ ერთნაირად აერთიანებს "ჯაშუშობის" მცნება, რომელიც სისხლის სამართლებრივად არის დასჯადი და ეს მოცემულობა დისკუსიასაც კი არ ექვემდებარება. რაც შეეხება სამშობლოს სამსახურში, მისი უსაფრთხოებისა და ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობა - სულ რომ მსტოვარი გერქვას - უფლის მიერ ნაკურთხი და საპატიო მისიაა!’’- წერს ქართველიშვილი.