გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება

29-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განმარტება გააკეთა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს ვაშლის უხვი მოსავალია, დაახლოებით, 120 000 ტონის ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ აღება-დაბინავების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ორგანიზებულად ფერმერებმა უნდა შეძლონ მოსავალი სრულად დააბინაონ.

 

„სახელმწიფო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დაფინანსებისთვის და ხელშეწყობისთვის, მათ შორის არის „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 1700 ჰა ახალი ვაშლის ბაღია გაშენებული ქვეყანაში. ეს არის ინტენსიური ბაღები, რომელშიც მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ეს ბაღები, მომავალი წლების განმავლობაში, მოგვცემენ ხარისხიან მოსავალს და ბევრად უფრო  მეტს, ვიდრე ძველი ბაღები. ასეთ პროდუქციას არა აქვს რეალიზაციის არანაირი შეფერხება და მისი რეალიზაციაც შესაბამის ფასებში განხორციელდება. რაც შეეხება უშუალოდ ახალ პროგრამას; პროგრამის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 40 000-დან 50 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება მოგვიწევს მოსავლიანობიდან გამომდინარე. თითოეული საწარმო, რომელიც მიიღებს ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს და გადაუხდის მას არანაკლებ 24 თეთრს ერთ კილოგრამზე გადაანგარიშებით, სახელმწიფოსგან მიიღებს სუბსიდიის სახით 10 თეთრის ოდენობით მხარდაჭერას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება და მოხდეს მისი გადამუშავება. დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული პროცესში, რომლებიც ნედლეულის სახით გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქციას და მიიღებენ ვაშლის კონცენტრირებულ წვენს, ხილფაფებს და სხვა პროდუქციას, რომლის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირში. რა თქმა უნდა, მთლიანი ჯაჭვის მუშაობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია დარგის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 30 აგვისტოდან, ფუნქციონირებას დაიწყებს შტაბი, რომელშიც ჩართული იქნებიან სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად კოორდინირებულად იქნეს პროცესი წარმართული და თითოეულმა ფერმერმა შეძლოს სრულად დააბინაოს მოსავალი.