გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: მთავრობის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა საქართველო რეგიონში მართლაც გახდეს საფინანსო მომსახურების ჰაბი

29-08-2022

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის საფინანსო კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველო შეძლებს, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გასაწევრიანებლად განაცხადი გააკეთოს. „როგორც თქვენ იცით, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანა, მათ შორის, საფინანსო მომსახურების ჰაბი უნდა გახდეს. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დღეს მთავრობამ დაამტკიცა, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა საქართველო რეგიონში მართლაც გახდეს საფინანსო მომსახურების ჰაბი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


ვიცე-პრემიერმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცისა (SEPA – Single Euro Payment Area) და მასში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი განმარტებით, SEPA ევროკავშირის ინტეგრაციის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების შესრულების პროცესის ჰარმონიზაციას და ერთიანი ბაზრის მუდმივ განვითარებას, სადაც ტრანსსასაზღვრო გადახდები შეიძლება განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები. SEPA აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს განახორციელონ ელექტრონული გადახდები ევროში ერთი და იმავე ძირითადი პირობებით და ერთი და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფებიან ისინი ეროვნული საზღვრების ფარგლებში, თუ მის მიღმა.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პაკეტზე მუშაობისას კერძო სექტორთან კონსულტაციები უკვე გავლილია. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს როგორც ცვლილებათა პაკეტის მომზადების, ასევე მისი აღსრულების ნაწილში.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო სიახლე ავითარებს კონკურენტულ გარემოს საქართველოში Fintech - ის მომსახურებისა და წახალისების კუთხით. მისი თქმით, ჩამოყალიბდება ახალი ეკოსისტემა, რომელიც საგადახდო - საფინანსო მომსახურების კომპანიებს განვითარების ძალიან ფართო ასპარეზს გაუხსნის. შედეგად, როგორც ქართული ბანკები, ისე საგადახდო კომპანიები გახდებიან ევროპული სივრცის ნაწილი. „ევროინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები შედეგია ის ეკონომიკური სიკეთეები, რაც ევროკავშირის წევრობით საქართველომ უნდა მიიღოს. თუ ჩვენ ამ სისტემის ნაწილი გავხდებით უკვე საფინანსო ნაწილში, სრულყოფილად ვიქნებით მისი მონაწილე. შესაბამისად, ქართულ ბანკებს არ დასჭირდებათ საკორესპონდენტო ანგარიშების ქონა პარტნიორ ბანკებთან, გადარიცხვები განხორციელდება დროში ძალიან სწრაფად; მომხმარებელთა უფლებები იქნება უკეთ დაცული; როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის გამარტივდება გადახდების საკითხები," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


მთავრობის მიერ დამტკიცებული სამი საკანონმდებლო ცვლილება მოიცავს: PSD2 Payment System Directive (EU) - „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი, თანმდევი კანონპროექტებით; CRD Capital Requirement Directive (EU) - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი, თანმდევი კანონპროექტებით; VASP – Virtual Asset Service Provider - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი, თანმდევი კანონპროექტებით. წარმოდგენილი სამი პაკეტიდან ორი PSD2 და CRD წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებულ დირექტივებთან დაახლოების ვალდებულებას. რაც შეეხება მესამე პაკეტს VASP-ს, გულისხმობს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის Financial Action Task Force (FATF)-ის ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერის შესახებ ბოლო რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.


ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტშიც მალე დაამტკიცებენ, რომლის შემდეგაც ქვეყანა შეძლებს, SEPA - ში გასაწევრიანებლად განაცხადი გააკეთოს.