30-08-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის - 1 338 ახალი პროექტი გახდა გამარჯვებული.
„მოხარული ვარ, რომ წელს სახელმწიფოს დახმარებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანას უპრეცედენტოდ მზარდი რაოდენობის - ათასზე მეტი ახალი ბიზნესი შეემატება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენ უფრო მეტ ბიზნესიდეას ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით იდეების რეალიზებაში, პროდუქტების დივერსიფიცირებასა და ექსპორტზე გატანაში. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა შორის წელს საგრძნობლად გაიზარდა მეწარმე ქალების რაოდენობა და გამარჯვებულთა 50 პროცენტი სწორედ ქალები არიან. ვულოცავ პროგრამის წლევანდელ გამარჯვებულებს და ვუსურვებ მათ წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობასა", - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.
2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6 901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.