15-06-2018
კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზე ალაპარაკდა.
იმის მიუხედავად, რომ 5 აპრილს შატხში 6 ადამიანის დაღუპვის შემდეგ ადმინისტრაციამ უსაფრთოების ახალი სისტემა დააყენა, რაც მილიონ ნახევარი ლარი დაუჯდა, კომპანიაში ამბობენ, რომ ფინანსური მოგება ვერ ნახეს და წლის ბოლომდე, შესაძლოა, ოპერირება შეწყვიტონ.
"ფინანსური მოგება ვერ იქნა მიღწეული, გვაქვს ფატალური შემთხვევები. დღეს არის ის მომენტი, როცა კარგად უნდა გავაანალიზოთ ღირს თუ არა საწარმოო პროცესის გაგრძელება", - განაცხადა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ ტელეკომპანია პირველი არხის ეთერში.
ტყიბულის შახტების შესაძლო დახურვას ეხმაურებიან პროფკავშირები. "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში" მიაჩნიათ, რომ თუ კომპანია ბაზრიდან გავა, უმუშევრად დარჩენილ მეშახტეებზე სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
ტყიბულის შახტებში 1 500-მდე ადამიანია დასაქმებული.
5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულის ერთ-ერთ შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა, რომელმაც ჰაერის დიდი ნაკადი წარმოქმნა, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.
ორი თვის შემდეგ კი, 2 ივნისს კერძო ღია კარიერზე მუშაობის დროს კიდევ ორი მუშა გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, 35 მეტრი სიღრმეში ჩასულ მუშებს ე.წ. ჰაერის კომპრესორი ჩართული არ დახვდათ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.