2-09-2022
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამისა და პარტნიორების დახმარებით, თვისობრივად ახალი, ინოვაციური პროდუქტი „ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების პროგრამა" ჩავუშვით, რომელიც ქართულ აგროკომპანიებს ექსპორტზე პროდუქციის გატანაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიზნით ცოტა ხნის წინ მეწარმეობის მიმართულებით დაინერგა სპეციალური პროგრამა „ბიზნეს ექსპორტი".
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ამ კუთხით ინოვაციური მიდგომები შევთავაზოთ ქართულ ბიზნესებს. ამჯერად USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, წარდვადგინეთ ახალი პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია დავიქირავოთ ექსპორტის ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებიც აგროკომპანიებს დაეხმარება, რომ მათი პროდუქტები სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტულ მარკეტებსა და მაღაზიებში შევიდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ინოვაციით ბევრ წამყვან უცხოურ სააგენტოსთან შედარებით წინ ვართ, რადგან ეს არის ძალიან თანამედროვე და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი, რომლის მეშვეობით, უცხოელი ექსპერტები ქართულ აგროკომპანიებს დახმარებას გაუწევენ პროდუქტის ექსპორტზე გატანაში", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო.
პროგრამის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ კომპანიებთან და დახმარებას გაუწევს მათი საექსპორტო შეთავაზების სათანადოდ ჩამოყალიბებაში, სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე შესაბამისი მყიდველების იდენტიფიცირებასა და საქმიანი გარიგებების დამყარებაში. პროექტი ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე.
ექსპორტის საბაზრო კავშირების დამწარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტომ.