2-09-2022
.გუშინ პრეზიდენტმა კელი დეგნანის ხაზი გააგრძელა, ვის უნდა საქართველოში ომიო და თან უკრაინის ხელისუფლების სოლიდარობაზე მოგვიწოდებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი მსაჯულივით საუბრობს.
„პრეზიდენტი რას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტის წევრს და ქვეყნის მოქალაქეს კითხვის დასმის უფლება არ მაქვს? თუ მაქვს, მაშინ შინაარსში გამომყვეს. გუშინ, პრეზიდენტმა კელი დეგნანის ხაზი გააგრძელა, ვის უნდა საქართველოში ომიო და თან უკრაინის ხელისუფლების სოლიდარობაზე მოგვიწოდებს. უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობა პირველივე დღიდან სოლიდარული ვართ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ომში ჩართვას რომ მოგვიწოდებდნენ, ვინმემ საქართველოს პრეზიდენტის პასუხი მოისმინა, როგორ მოგვიწოდებდნენ ომისკენ ჩართვას? პრეზიდენტისგან მსგავსი პასუხი მოგისმენიათ? – პრეზიდენტმა თქვა, მტერი ისაა, ვინც საქართველოს ომში ჩართვას მოუწოდებსო და ჩვენ სახელები და გვარები დავასახელეთ. პრეზიდენტმა ამას პასუხი გასცეს.
პროცესში, რომ საომარ მდგომარეობაში როგორმე პროცესები, რევოლუციური ცვლილებები განვითარებულიყო, პრეზიდენტმა როგორი პოზიცია დაიჭირა? – ის დამაბალანსებელი ვერ იქნება, რადგან აქეთ არის სრული ბოროტება, რომელსაც თავის თავზე აქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. როცა ერთ სიბრტყეზე დააყენებ ამ ბოროტებას და ძალას, რომელმაც აგირჩია, ამ ძალის უკან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა დგას, ვინც პრეზიდენტად აირჩია, იმას ვერ გრძნობს, რომ ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. ეს ქალბატონი ვისი მსახურია? – თუ საქართველოს მოქალაქეების მსახურია, მსგავსი რიტორიკით არ უნდა ისაუბროს.
პირდაპირ ჩანს, თითქოს ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ გინდათ თუ არა, 12 პუნქტი შეასრულეთო. საქართველოდან განყენებულია და ასე მოგვიწოდებს – პრემიერი ბრიუსელში ჩავა და აბა, რა გზავნილი ექნება. საქართველოს პრეზიდენტი რაღაც მსაჯულივით გვესაუბრება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზეც და აღნიშნა: „პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან“.