18-06-2018
გავლენიანი რუსული გამოცემა «Комсомольская правда» ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით მყოფი ტურისტის, ალექსანდრა ლუკიანოვას სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გტავაზობთ:
სამარაში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და რუსეთის კიდევ რვა ქალაქში გაგანია ფეხბურთის მუნდიალია. მსოფლიო ჩემპიონატს სოჭშიც კი ვერ დაემალები. რა უნდა ქნათ, თუ თქვენ გულშემატკივარი არ ხართ და გინდათ, რომ ქალაქურ ცხოვრებას და საფეხბურთო ვნებათაღელვას დაემალოთ? უნდა წახვიდეთ ზღვაზე ან მთებში, ხმაურიან სასტუმროებისაგან მოშორებით - იქ, სადაც წყლის დალევას პირდაპირ მთის წყაროებში შეძლებთ, ხოლო მწიფე ხილს - გზის პირას საკუთარი ხელით მოკრეფთ.
სასაზღვრო ანეკდოტი
მატარებლით ორდღიან ჯაყჯაყს თვითმფრინავი ვარჩიე: სოჭამდე ფრენას ორი საათი და ოცი წუთი ჭირდება. აეროპორტში ადგილობრივი მცხოვრებლები გულღიად გვხვდებიან. ვჯდებით ავტომანქანაში და მივდივართ აფხაზეთისაკენ. და ამ დროს გზაზე თითქმის კილომეტრიან „საცობში“ ვხვდებით. წინ რუსეთის სასაზღვრო პოსტი მოჩანს.
- რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს უმოწმებენ.. იგივეს აკეთებენ აფხაზების მიმართ, რომლებთაც ასევე რუსული პასპორტები აქვთ... ანეკდოტია, აბა რა არის?, - „გვამხნევებს“ მძღოლი, მაგრამ საათნახევარი რომ რიგში დგახარ, კი არ „მხნევდები“, უფრო ღიზიანდები.
როგორც იქნა, საზღვრამდე მივაღწიეთ. მესაზღვრეები მკაცრად მეკითხებიან:
- სამარაში დაიბადეთ და გაიზარდეთ? რა გვარია ბებიათქვენი? რა მიგაქვთ?
- არაფერი არ მიმაქვს, საზაფხულო სარაფანებისა და წიგნების გარდა. უკან კი ღვინოს წავიღებ, - ვპასუხობ. იქვე მაფრთხილებენ: „მხოლოდ სამი ლიტრის უფლება გაქვთ“. და ეს იმ დროს, როცა აფხაზეთის პრაქტიკულად ყველა მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი - რუსი ტურისტები. ვისმენ ოხვრიან ნათქვამს: „ეჰ, საბჭოთა პერიოდში სად იყო საზღვარი!“ და პირველად ვეთანხმები ადგილობრივებს - რა საჭიროა მართლაც ეს ბარიერები? აქ ხომ ყველა ჩვენიანია.
აფხაზურ სასაზღვრო პუნქტზე კი რამდენიმე წუთში გადავდივართ - აქ ყველა ღიმილით გვხვდება: მოდი, ძვირფასო, გელოდებით...
შვიდი მიზეზი აფხაზეთში დასარჩენად
საზღვარზე საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ გაგრის რაიონში შევდივართ. გვერდს ვუქცევთ ბიჭვინთოს „ოქროს ქვიშებს“, ლიხნს, ახალ ათონს და აფხაზეთის დედაქალაქისაკენ მივემართებით. მანძილის გავლას გაჩერებებით ორი საათი მოვუნდით.
ყველაზე მეტად, რაც ხმაურიანი სოჭიდან აფხაზეთში ჩამომსვლელს აოცებს - ეს სიჩუმე და სიმშვიდეა. მივდივართ ზღვის ნაპირისაკენ...
არასოდეს ბედი არ მიღიმოდა კრასნოდარის მხარისა და ყირიმის კურორტებზე - განმარტოების თვალსაზრისით. ყველგან ტურისტები დადიოდნენ და, რომ იტყვიან ხოლმე, თვალში „მაზოლებს“ მიჩენდნენ. ყირიმში ახლა არ ვიცი, როგორი სიტუაციაა, მაგრამ როცა ის უკრაინის შემადგენლობაში შედიოდა, გურზუფის პლაჟზე და მის ახლო-მახლო თავისუფალ ადგილს ვერ იპოვიდი. აქ კიდევ კილომეტრიან პლაჟზე უამრავი ცარიელი ადგილია...
სურვილი გიჩნდება, რომ აფხაზეთში სამუდამოდ დარჩე.
ჩამოვთვლი შვიდ მიზეზს, თუ რატომ.
პირველი - სახელგანთქმული საბჭოთა შავიზღვისპირა კურორტი ბიჭვინთა ყველაზე სუფთა ზღვის წყლით მთელ აფხაზეთში - გამჭვირვალობა 8-10 მეტრს აღწევს. შეიძლება ითქვას, ეს დაივერების ოცნებაა! ჩვენ ბიჭვინთაში საკურორტო სეზონის დაწყების დროს შევიარეთ - დაივერები არ ჩანან, ტურისტები ძალიან ცოტა. სიჩუმე და სიმშვიდე. ტყუილად კი არ დადიოდა აქ ლეონიდ ბრეჟნევი ნევროზის სამკურნალოდ.
მეორე - აქ ყველაფერს მკურნალობენ. გაგრაში ბალნეოლოგიური სამკურნალო წყლებია - გოგირდწყალბადიანი წყალი გულისა და სისხლძარღვთა დაავადებებს კურნავს, ნერვების, კანის და სხვა მრავალ ავადმყოფობებს. ტურისტებისთვის რამდენიმე სანატორიუმი მუშაობს. სასტუმრო „აფხაზეთის“ ახლოს შეიძლება აქვაპარკშიც შეიაროთ.
მესამე - რიწის ტბა აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ძმები: სამი მთა - აგეფსთა, აცეთუყი და პშეხიშხა - თავიანთ ულამაზეს დას - რიწას დარაჯობენ, რომელიც ყაჩაღებს ტბაში ემალება. ლეგენდა საკმაოდ დრამატულია, მაგრამ რიწას რომ ნახავთ, სიმშვიდე გეუფლებათ. ტბა უამრავ სტუმარს იზიდავს. აქ იოსებ სტალინიც ისვენებდა ხოლმე. აღდგენილია მისი აგარაკი ნაპირზე, რომელსაც 15 წუთში დაათვალიერებთ: ძალიან სპარტანულადაა მოწყობილი, თუმცა მასში რამდენიმე საძინებელი და სააბაზანო ოთახია.
მეოთხე - ახალი ათონი. რელიგიური ტურისტები მიდიან ახალ ათონში, სოხუმიდან 21 კმ-ის მოშორებით, წმინდა ადგილის მოსალოცად და სანატორიუმებში ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. 1975 წლიდან ტურისტებისთვის გახსნილია ახალი ათონის მღვიმეც - ერთ-ერთი დიდი კარსტული გამოქვაბული მსოფლიოში, რომლის მოცულობა ერთ მილიონ კუბურ მეტრზე მეტია.
მეხუთე - აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი. საბანაო სეზონი აქ მაისის შუა რიცხვებში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ქალაქის ყველაზე არომატული ადგილია ბოტანიკური ბაღი, რომელიც სავსეა სუბტროპიკული მცენარეებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სოხუმის მხიარული ადგილია მაიმუნთსაშენი - მაკაკებისა და გამადრილების სამეფო. ოფიციალურად ამ ადგილს აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ეწოდება, რომელიც 1927 წელს შეიქმნა მაიმუნების შესწავლის მიზნით. აქაა მსოფლიოში ერთადერთი მაიმუნის ძეგლიც. სოხუმს თავისი ჰაიდ-პარკიც აქვს: ზღვის ნაპირზე, კვიპაროსების ქვეშ მამაკაცები სხედან, ჭადრაკს და ნარდს თამაშობენ, თან პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე მსჯელობენ. ადგილობრივები ამ ადგილს „ბრეხალოვკას“ ეძახიან: ამჟამად სოხუმის „ბრეხალოვკაზე“ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის „გადატვირთვაზე“ ლაპარაკობენ. დასამალი არაა, რომ ეკონომიკურად რუსეთის გარეშე აფხაზეთს ცუდი დღე დაადგება.
მეექვსე - აფხაზთა სტუმართმოყვარეობა და თავაზიანობა ის მთავავრი მიზეზია, რის გამოც ამ ქვეყანას უნდა ეწვიოთ. თანაც აფხაზები სტუმართმოყვარეობას იჩენენ უცნობი ადამიანების მიმართაც და სახლშიც ეპატიჟებიან. აფხაზთა 99 სადღეგრძელოს მოსმენა ძნელია, მაგრამ აქ არავინ არსად არ ჩქარობს. ღვინო და ხილი ყველას ეყოფა.
მეშვიდე - აფხაზური საჭმელები გასაოცარია. აქ ყველას უყვარს კერძების მომზადება აჯიკით და სხვა სანელებლებით... მწვადი, კალმახი, მთის თაფლი და ღვინო, რომელიც ყოველ ოჯახში საკუთარი წარმოებისაა.
და ბოლოს - ერთი წვეთი კუპრიც...
მშვენიერი აფხაზეთი რამდენიმე საზღვრის მძევალი აღმოჩნდა: აქვეა საქართველო, რუსეთი, თურქეთი. აფხაზეთი მდიდარია, მაგრამ უკვე მეოთხედი საუკუნეა დღემდე ვერ გამოსულა ეკონომიკური კრიზისიდან. სოხუმის ცენტრში ახლაც დგას ომის დროს დამწვარი შენობა, ხოლო ოდესღაც ლამაზი სანატორიუმები თანდათან ინგრევა და ნადგურდება. დაუმთავრებელი შენობები კი ბალახით იმოსება. ადგილობრივი მეწარმეები თითქოსდა ცდილობენ ვაჭრობის განვითარებას, მაგრამ პროცესი ძალიან ჭიანურდება. საით უნდა წავიდეთ? რომელ მხარეს არის ჩვენი გადარჩენა? ამ კითხვებზე ცდილობენ პასუხი იპოვონ „ბრეხალოვკაზე“ მყოფი ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამაზე ლაპარაკობენ ჩინოვნიკებიც სამთავრობო კაბინეტებში... მაგრამ ეს სხვა თემაა. ჯერ-ჯერობით ჩვენ, ტურისტებს, ასეთი აფხაზეთი მოგვწონს: ხმაურიანი ქარხნებისა და ქალაქების გარეშე, სუფთა წყაროებით და ფეიჰოას ყვავილების არომატით გაჯერებული ჰაერით.