9-09-2022
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა.
ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას, ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.
საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.
დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.