10-09-2022
ირანულ ავიაკომპანია Iran Air-თან დაკავშირებით საქაერონავიგაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.
ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში, მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.com, Flightaware.com).
ისინი რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, რომლის შესახებაც მედია საშუალებების მეშვეობით ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, გაცნობებთ, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს.
ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას" - ნათქვამია განცხადებაში.