12-09-2022
„ევროკავშირის რეგულაციების შესრულების დინამიკა იყო შეხვედრის უმთავრესი პოლიტიკური მსჯელობის საგანი",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის დედაქალაქ რიგაში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ, კასპარს გერჰარდსთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. გიორგი ხანიშვილმა ქალაქ რიგაში, 8-10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD-2022, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოფენები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გვეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ვფიქრობ, ლატვიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის იქნება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ევროკავშირის ასოცირების მიმართულებით დადებითი ნაბიჯების გადასადგმელად’’,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გიორგი ხანიშვილმა ლატვიის რესპუბლიკასთან ექსპორტისა და იმპორტის პოტენციალზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა გასული წლის დადებითი ტენდენციისა და მიმდინარე წლის მზარდი მონაცემების მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში საქართველოსა და ლატვიას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ.
შეხვედრის ბოლოს, გიორგი ხანიშვილმა და კასპარს გერჰარდსმა, სამინისტროებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების კუთხით სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საკვები პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე ევროკავშირის რეგულაციებთან და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
კასპარს გერჰარდსმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი უწყებებს, სურსათის უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
შეხვედრასსაქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ლატვიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.