12-09-2022
„ჩვენ გვინდა, გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას ემსახურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება და რა თქმა უნდა, ტვირთნაკადს საქართველოს კორიდორში უფრო გაზრდის, ასევე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შევქმნათ და ლოგისტიკური ოპერაციები ვაწარმოოთ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
დღეს საქართველოს მთავრობამ თანხმობა მისცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს", რათა მათ გამოაცხადონ ინტერესთა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების თაობაზე.
„მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა ანაკლიაში ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირების და გადმოცემის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები. შესაბამისი კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს - ესაა პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა, პროექტის განხორციელების და განხორციელების შემდგომი შეფასება. ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია და ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დავიწყოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები იყოს მაღალ დონეზე მომზადებული და აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამინისტროს მიეცეს საშუალება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები, რომელიც ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა კომპანიამ MTBS - მა განახორციელა. მათ განაახლეს მანამდე არსებული კვლევების განახლებას მსოფლიოში მიმდინარე ახალი გარემოებებისა და პროცესების გათვალისწინებით, ასევე მოამზადეს საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და რეკომენდაციები.
„ვფიქრობ, რომ დღეს ხელთ გვიჭირავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები და ასევე შევარჩიოთ სათანადო პარტნიორი პროექტის განვითარებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს ანუ საჯარო მონაწილეობა. ვფიქრობთ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წარმატებულად განხორციელდეს და მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველას გვინდა," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პროექტში მონაწილეობის მსურველი საკმაოდ ბევრია. „წელს ჩვენს გვქონდა არაერთი შეხვედრა უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის იყო აბუ-დაბის პორტების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ადგილზე გაეცნენ პროექტს. ასევე იყო ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომლებსაც ასევე აინტერესებთ ეს პორტი.
„ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურა შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.