14-09-2022
თბილისში საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი მიმდინარეობს, რომელიც რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას ეძღვნება. სამიტში მონაწილეობენ ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ტარდება.სამიტზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობისა და ბიზნესის წარმოების მაღალი საერთაშორისო რეიტინგებიდან, ასევე ბოლო პერიოდში მსოფლიოსა და რეგიონში განვითარებული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით.
„საქართველო მიისწრაფის რეგიონში „ციფრული ჰაბის" პოზიციის დამკვიდრების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გაცილებით მეტი ადამიანის და კომპანიის ჩართვისკენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების ფორმირებას უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, შავი და კასპიის ზღვების აუზის ყველა ქვეყნისთვისაც. სატელეკომუნიკაციო ციფრული დერეფანი უნდა წარმოვიდგინოთ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სახით, რომელიც სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად მთლიანობაში ქმნის ეკონომიკურ სივრცეს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოში ციფრული სატრანზიტო დერეფნის და ჰაბის განვითარება, გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიციო ინტერნეტ კავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, ქვეყანაში, მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ, რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა - აზიის გლობალური ინტერნეტ კავშირის ბაზარი, ყოველწლიური ზრდის ტემპის მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით გაიზრდება. მისი თქმით, შავი ზღვის გავლით, საქართველოს კარგი პოზიცია უჭირავს საერთაშორისო ინტერნეტ კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შავი ზღვაზე წყალქვეშა ინფრასტრუქტურით კავშირი ევროპასთან, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის განვითარების წინაპირობაა.
კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც ვიცე-პრემიერმა გაამახვილა ყურადღება საქართველოში საერთაშორისო ციფრული დერეფნის და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარებაა, რაზეც, მისი შეფასებით, უპირველესი საჭიროებაა ეკონომიკის ყველა სექტორის შემდგომი განვითარებისათვის რეგიონში, რამდენადაც მას შეუძლია ოპტიკური ქსელების საშუალებით უზრუნველყოს გაზრდილი მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკების გატარება ევროპასა და აზიას შორის, განავითაროს ციფრული სერვისების ხარისხი, ისევე როგორც ხელმისაწვდომობა საერთაშორისო კავშირის ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული მომავალში დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას, რამდენადაც მას შეუძლია გამოიწვიოს საწარმოების შემდგომი გაციფრულება, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო (ICT) სექტორისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების განვითარება, ხელი შეუწყოს ინოვაციური კულტურის, ტექნოლოგიური სტარტაპების გაჩენა/განვითარებას, კერძო და საჯარო სერვისების განვითარებას და სხვა. საქართველოს ციფრულ ჰაბად გარდაქმნა ხელს შეუწყობს, ინვესტიციების მოზიდვას, ინდუსტრიულ ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
„მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი სამიტის ფარგლებში დიალოგები და ორმხრივი შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უფრო ძლიერი საერთაშორისო ციფრული დერეფნების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარების მიმართულებით," - განაცხადა დასასრულს ლევან დავითაშვილმა.
სამიტზე ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ კომუნიკაციების კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და აზიის რეგიონალური დირექტორი ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩარლზ კორმიერი.
სამიტის დროს დაგეგმილია სადისკუსიო მრგვალი მაგიდებისა და B2B შეხვედრების მოწყობა. განხილული იქნება რეგიონის შიგნით და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება ციფრული კავშირების განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყურადღება გამახვილდება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის რეგიონთაშორისი ციფრული კავშირის ქსელების განვითარების მთავარი ჰაბისა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
სამიტი დასრულდება თბილისის დეკლარაციის მიღებით.