გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოლაფ შოლცი: სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს

14-09-2022

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
  
ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ  გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ.
 
„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ.


მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა.


მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გაზთან დაკავშირებით,  ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას და იმპორტს შესაძლებელს გახდის. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ. ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. შტადში და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და  მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს",- განაცხადა ოლაფ შოლცმა.


გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან მის საუბარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ესაუბრონ ერთმანეთს. შოლცის თქმით,  რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და რეგიონში მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი.


„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო და მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი. ყოველდღე, ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდევაც",- აღნიშნა ოლაფ შოლცმა.