გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძე: მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონიორება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია

15-09-2022

"მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონიორება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ახალ ტექნოლოგიებს სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია და მდგრადი გადამცემი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიის გენერაცია და გადაცემა ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი არტერიაა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სისტემებთან ერთად, მის ეფექტიანობას განსაზღვრავს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება და სტაბილურობა დამოკიდებულია სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებასა და გადაცემის საიმედოობაზე. მისი თქმით, ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების მთავარი გამოწვევაა პროცესის მართვა ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს სარგებელი ენერგეტიკული სისტემისთვის და მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი ზემოქმედება.


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება როგორც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ისე ახალი გენერაციის ობიექტებზე მოთხოვნა. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემას შეემატა მთელი რიგი ახალი ობიექტებისა. მათ შორის, 55 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური, რომლებიც გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მანამდე არსებულები და ერთი ქარის ელექტროსადგური. 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გავაფორმეთ 61 ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 704 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიციას გულისხმობს და პოტენციურად 1,6 მილიარდ კვტ სთ-ს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას. საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება „მწვანე" წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ასევე იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ენერგეტიკით," - განაცხადა მან.


მინისტრის მოადგილემ სამიტის მონაწილეების ყურადღება გაამახვილა „შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტზე" - ეს არის ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს. „როგორც წინასწარმა ეკონომიკურმა ანალიზმა აჩვენა, პროექტი სიცოცხლისუნარიანია და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს არა მართო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რუმინეთს და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. „ისინი შეძლებენ, ისარგებლონ ექსპორტის გაფართოებული შესაძლებლობებით, ხოლო ზამთრის პერიოდში განახორციელონ იმპორტი კონკურენტული ფასებით, რაც ძვირადღირებულ იმპორტსა და თბოგენერაციაზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც პროექტის ნაწილი იქნება, საშუალებას მისცემს გაიზარდოს ფართოზოლოვანი მონაცემთა ტრაფიკი. ასევე, ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


თბილისის სამიტში მონაწილეობა მიიღო ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.