15-09-2022
"მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვიდრე გოგაშვილი იყო სუსის უფროსის მოადგილე, იგი არ იცნობდა ივანიშვილს. მისი თქმით, გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს, პირველად 2018 წელს შეხვდა.
,,მარტივ რამეს ვიტყვი, რომელსაც უამრავი მოწმე ჰყავს - ზუსტად მაშინ, როდესაც გოგაშვილი პარტიაში იყო, 2018 წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში, მე მახსოვს და ამას ესწრებოდა დაახლოებით 15 ადამიანი, იქ გაიცნო მან ბიძინა ივანიშვილი. ანუ, ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია გაცნობის საშუალება რომ მომეცაო - იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან“, - განაცხადა კობახიძემ.