21-09-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თელავში, საკოორდინაციო შტაბში 2022 წლის რთველის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო.
„მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი; მათ შორის, 65,0000-ზე მეტი რქაწითელი, 50,000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი. ვფიქრობთ, რომ კახეთში 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25 000 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სხვა შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, კარგად ართმევს პროცესს თავს. ყურძენს მევენახეები შეუფერხებლად აბარებენ. ვფიქრობთ, რომ პროცესი ასეც გაგრძელდება და წელს გვექნება ძალიან წარმატებული რთველი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, ქართული ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რაც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.
„ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი. ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ღვინის ექსპორტში, მათ შორის წელსაც, მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი ზრდა გვაქვს; პოლონეთი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთი პროგრამა გვაქვს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება; ასევე გვაქვს ახალი პროექტი, რომელშიც 40-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, სადაც უშუალოდ კომპანიებს ვეხმარებით მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში. სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად, შარშან, მთლიანობაში, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ასევე სპირტის ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ, დაახლოებით, 600 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რთველის შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.
რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.