23-09-2022
საქართველოში, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს განათლებაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკოლოგიაში, რათა მომავალმა თაობებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. განათლების სისტემა გადამწყვეტია წარმატებული და პროდუქტიული საზოგადოებების გაძლიერებისათვის. 21-ე საუკუნეში განათლება ნიშნავს ინვესტირებას ციფრულ წიგნიერებაში და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობას ციფრული წყვეტის ამოსავსებად, რათა მომავალმა კრიზისებმა, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მშვიდობისა თუ კლიმატის ცვლილების სფეროში, არ შექმნას სავალალო სიტუაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვის ბოლოს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქართველი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი.
„დაბოლოს, მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მშვიდობასა და კეთილდღეობას დავუბრუნებთ ჩვენს სახლებსა და ქვეყნებს. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სულისკვეთება და მანდატი დაარსების დღიდან, რომ მხარი დაუჭიროს და უზრუნველყოს მშვიდობა და თანამშრომლობა.
ვამაყობ, რომ დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას. დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი ათწლეულის შემდეგ, ქართული ოცნებები რეალობად იქცევა! ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ავაშენებთ უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს დღვანდელი და მომავალი თაობებისთვის. დიდი მადლობა!,"- აღნიშნა პრემიერმა.