28-11-2017
2018 წლის იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. იმას, რომ თითქოს მომავალი წლიდან ხელფასთან ერთად დანამატები აღარ გაიცემა, შესაბამისი კანონპროექტი არ ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტშია და როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში გვითხრეს, მისი დამტკიცება იანვრამდე უნდა მოესწროს.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“კანონის პროექტზე ბიურომაც იმუშავა და წარდგენილი გვაქვს პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით. პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე ჯერ არ ყოფილა. მიმდინარეობს კომიტეტებში განხილვა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ ჩიხრაძემ.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი ადგენს თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და ფულადი ჯილდოს [პრემიის] მაქსიმალურ ზღვრებს. მაგალითად, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თეიმურაზ ჩიხრაძის განცხადებით, „დანამატის შემთხვევაში ზედა ზღვარი არ გვაქვს. ბიუჯეტის შესახებ კანონში წერია, რომ შესაძლოა გაიცეს, ოღონდ შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში. ზედა ზღვარი არც თანამდებობრივ სარგოზეა და, ფაქტობრივად, პრაქტიკაზე დაყრდნობით მტკიცდება საშტატო ნუსხა. პრემიებთან დაკავშირებით კი არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ზედა ზღვარს, პერიოდულობას და რაოდენობას. პრემიის ზედა ზღვარი დღეს არის თანამდებობრივი სარგოს 100% და შესაძლებელია გაიცეს კვარტალურად და სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით – ჯამში პრემია შესაძლებელია გაიცეს წელიწადში 7-ჯერ“.
არსებული კანონპროექტით, თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საჯარო დაწესებულება, დაწესებულების ხელმძღვანელი, თუმცა დადგენილია კოეფიციენტების მიხედვით მაქსიმალური ზღვარი თითოეული რანგისა და კატეგორიისთვის. ეს ეხება თვითმმართველობებსაც.
„კლასის დანამატი ექნება მხოლოდ საჯარო მოხელეს და კანონპროექტით გაწერილია პროცენტები პირველიდან-მეთორმეტე კლასამდე, თუ რამდენი შეიძლება გაიცეს ამა თუ იმ კლასის მოხელეზე. რაც შეეხება ფულად ჯილდოს [პრემიას – ავტ.] ის მიბმულია მოხელის შეფასებაზე – შეფასება კი შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე მოხდეს, სწორედ ამ შეფასების საფუძველზე უნდა გაიცეს ფულადი ჯილდო,“ – ამბობს თეიმურაზ ჩიხრაძე.
რაც შეეხება დანამატს, კანონპროექტით შესაძლებელი იქნება ის ყოველთვიურადაც კი გაიცეს დასაქმებულზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ზენაკვეთურად მუშაობს და დამატებითი ფუნქციები აქვს დაკისრებული. თუმცა, მიღებული დანამატის ჯამი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს წლიური სარგოს 20%-ზე მეტი.
საჯარო სამსახურის ბიუროში განმარტავენ, რომ დადგინდება საბაზისო თანამდებობრივი სარგო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო დაიანგარიშებს და რომელიც გაიწერება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. ეს საბაზისო თანამდებობრივი სარგო გამრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.
თუ საბაზისო სარგო იქნება, დავუშვათ, 1000 ლარი, თითოეული მოხელის ერთი თვის ხელფასი დაიანგარიშება შემდეგნაირად: ეს 1000 ლარი გამრავლდება იმ კოეფიციენტზე, რაც კანონპროექტითაა დადგენილი. ეს კოეფიციენტები კი სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირისთვის სხვადასხვაა.
მაგალითად, კანონპროექტის მიხედვით: პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, ყოველთვიური ხელფასის ზედა ზღვარი არის – საბაზისო თანამდებობრივი სარგო გამრავლებული 10-ზე; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეების შემთხვევაში – 8,5-ზე; საქართველოს მინისტრები – 8,5-ზე; ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები – 6-ზე; და ა.შ. ყველაზე დაბალი კოეფიციენტია საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე – 0,1-დან 0,8-მდე.
რას ცვლის ახალი კანონპროექტი ბიუჯეტებში შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის რაოდენობის მხრივ? – ფაქტობრივად არაფერს. შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტების პროექტებში იმდენივეა, რამდენიც მიმდინარე წელს:
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით: „დაუშვებელია 2018-2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა 2017 წლის საკასო ხარჯის ჯამურ მაჩვენებელთან მიმართებაში… თუმცა, ამ ფონდის გაზრდა 2017 წელთან შედარებით შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში“.
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან საჯარო სამსახურებში დანამატები და პრემიები არ უნდა გაცემულიყო, თუმცა მთავრობამ არსებული წესი 2018 წლის იანვრამდე ძალაში დატოვა.
რამდენიმე დღის წინ ხელფასებთან, დანამატებთან და პრემიებთან დაკავშირებით განცხადება აჭარის მთავრობამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ
„საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს“.წყარო: გაზეთი "ბათუმელები"