29-09-2022
კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის უკვე მესამედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს 29 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა.
წესების თანახმად, კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, გადაამოწმონ წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ულტრათანამედროვე პრიზებს გადასცემს. I ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 14 Pro-ს მიიღებს, II ადგილის მფლობელს - HP-ს ლეპტოპი, ხოლო III ადგილზე გასულ სტუდენტს iPad 10.2 გადაეცემა.
პრიზების გარდა, კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება. კომუნიკაციების კომისია სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს. კურსის გავლის შემდეგ მათ ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში გაუზიარონ.
კონკურსის პარალელურად, კომუნიკაციების კომისია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, უნივერსიტეტებში BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ტრენინგებს ჩაატარებს. ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" უკვე შვიდჯერ ჩაატარა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის - ხუთჯერ, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ორჯერ.
კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის და მედიაწიგნიერების ვებ-გვერდზე.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნაშრომი უნდა გამოგზავნოს შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://tinyurl.com/namdvilitumogonili