1-10-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებშიქალაქ ბათუმის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება კიდევ ერთხელ პირადად მიულოცა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2022-2023 სასწავლო წელი სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო – ბავშვები პირველი კლასიდან დაეუფლებიან ჭადრაკს, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას დამოუკიდებელ საგნად, უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან. ამასთან, სკოლებში ინერგება საგანი – „თეგ რაგბი“ ე.წ. „უკონტაქტო რაგბი“, რაც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი საპილოტე პროექტის „სამხედრო საქმის“ განხორციელება, რომელშიც აჭარის მაღალმთიანი რეგიონების სკოლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. პროექტის ფარგლებში VII-IX კლასის 300-ზე მეტ მოსწავლეს კვირაში ერთხელ გაკვეთილს უტარებენ მოქმედი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი კურსი.
მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას აჭარის რეგიონში თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სასკოლო პერსონალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მასშტაბური პროექტის პირველი ეტაპი, მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.