28-11-2017
რამდენიმე დღეა სოფელ ინგირში ევკალიპტის ხეების გადაბელვაზე სპეციალური ტექნიკა, მუშაობს. სამუშაოებს ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრი აწარმოებს, თუმცა როგორც "ათინათმა" გაარკვია, ტექნიკა ამ ცენტრს არ ეკუთვნის.
თავდაპირველად, მისი ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ტექნიკა "კეთილმოწყობის ცენტრის ბალანსზე იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებული ტექნიკის სერიული ნომრები ადგილზე მომუშავე ტექნიკის ნომრებს არ დაემთხვა, პერტაიამ გვიპასუხა, რომ "ტექნიკა მეგობრებისგან ითხოვა". მისივე მტკიცებით, ბიუჯეტიდან თანხა არც საწვავის შესაძენად იხარჯება.
"ჩემი მეგობრები არიან დავურეკე და ვთხოვე დახმარება რადგან ჩვენს ბალანსზე არსებული ზოგიერთი ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული, ხოლო ამწე ვერ წვდება აღნიშნულ ხეებს, ამიტომაც გახდა საჭირო ჩემი მეგობრის შეწუხება. კეთილი ადამინები არიან და სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებიან, ამასი პრობლემას ვერ ვხედავ", - გვითხრა აიპპ კეთილომოწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნოე პერტაიამ.
რადიო "ათინათი" ნოე პერტაიას მიერ დასახელებული მეგობრებიდან ერთ-ერთს, ამწე-კალათა ექსკავატორის მძღოლს დაუკავშირდა, რომელმაც კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მსგავსად გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება. ის ამბობს, რომ ბათუმში ცხოვრობს და ზუგდიდში მეგობრის თხოვნით ჩამოვიდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბოლო ორ წელიწადში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ კეთილომოწყობის ცენტრის ბალანსზე არსებული ტექნიკის შეკეთებასა და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.
მიუხედავად ამისა, კერძო მესაკუთრეებისგან ტექნიკის თხოვნაში პრობლემას ვერ ხედავს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვეთ ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. პრობლემას ვერ ვხდეავ თხოვნაში, ტექნიკა არის სხვადასხვა ტიპის, ჩვენი ტექნიკა ხეებს ვერ მიწვდა, ამიტომ გახდა საჭირო სხვისი ტექნიკის გამოყენება", - აღნიშნა გოგიამ.
ინგირში ევკალიპტების გადაბელვის ნებართვა გამგეობამ 2 ნოემბერს გასცა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სამუშაოები მოსალოდნელი საფრთხის თავიდანა აცილების მიზნით ტარდება. აღნიშნულ მონაკვეთზე 6 ძირი ევკალიპტის მოჭრა და 11 ძირის გადაბელვა იგეგმება.
კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ინგირის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა და გადაბელვა არ უკავშირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ კერძო მესაკუთრისგან ასწლოვანი მუხის შესყიდვას, რომელიც დენდროლოგიურ პარკში გადასატანად ამავე გზას გაივლის. მათი თქმით, ეს გეგმური სამუშაოებია, რადგან ხეები ავარიულია და პრობლემის მოგვარება აუცილებელია.
წყარო: რადიო "ათინათი"