გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ბრიგადირმა მუშების ფული გაიტაცა და მიიმალა

22-06-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მომუშავე მუშებისთვის გათვალისწინებული თანხა ბრიგადირმა (ე.წ. პრარაბმა) მიითვისა და მიიმალა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გაზიფიცირებაზე მომუშავე მუშებმა განუცხადეს.

მათი თქმით, ვინმე ლევანმა, რომელიც სამუშაოების დაწყების პირველივე თვეებში პროცესს ზედამხედველობდა, კომპანიისგან გადარიცხული თანხა არ გაანაწილა. საუბარია 10 მუშის, მათ შორის, ტრაქტორისტის ასანაზღაურებელ თანხაზე. თითო მუშას 1000-1200 ლარი აქვს ასაღები თვეში.

ვითარების შესახებ საქმის კურსშია კომპანია ,,შაჰარტის" ხელმძღვანელობა. კომპანიის წარმომადგენლის, სვეტლანა კოვალენკოს თქმით, მუშები კუთვნილ თანხას აიღებენ, ხოლო იმ ადამიანთან, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, სამართლებრივ ჭრილში ურთიერთობა კომპანიას ექნება:

,,ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა ითვალისწინებს მუშების მდგომარეობას. ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას, გაფორმდა მათთან ხელშეკრულება და უნაზღაურდებათ, როგორც მიმდინარე სამუშაოების თანხა, ასევე, ის დანაკლისი, რაც მათ ზედამხედველისგან მიიღეს. როგორც კი, ეს ამბავი მოხდა, მოლაპარაკების პროცესში მეც ვიყავი ჩართული და მივიღეთ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება. რაც შეეხება ზედამხედველის ქმედებას, მასთან სამართლებრივ დავა კომპანიას აქვს და ეს არანაირად შეეხება მუშებს" - აღნიშნავს სვეტლანა კოვალენკო.

ქვახვრელის გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები. უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებიც სასმელი წყლის სამუშაოების დროსაც დაზარალდნენ. 2016-2017 წლებში სასმელი წყლის რეაბილიტაციის (ამჟამადაც დაუმთავრებელი) დროს, შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ. სასმელი წყალი დღემდე არ ამუშავებულა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვახვრელისა და უფლისიციხის გაზიფიცირებისთვის კომპანია ,,შაჰარტმა" მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის თებერვლიდან დაიწყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მასთან ხელშეკრულება 21 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ხელმოწერისთანავე დაიწყო და 2018 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ორმხრივი ვალდებულებების დოკუმენტს, ერთის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებული კომპანიის დირექტორის, გეღამ მიკრტჩიანის წარმომადგენელი, სვეტლანა კოვალენკო აწერს, ხოლო მეორეს მხრივ, - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო კომპანიის მხრიდან არასათანადო შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, საბანკო გარანტია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მოქმედებს.

"შიდა ქართლი"