4-10-2022
ტყიბულში N3 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 4 ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცვნენ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სისტემები, შემოიღობა და კეთილმოეწყო სკოლამდელი დაწესებულების ეზო.
ბაღი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის და საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის. პროექტის საერთო ღირებულებამ 680 000 ლარი შეადგინა.