გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს, მიმოზა ღოლიჯაშვილს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა

6-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს, მიმოზა ღოლიჯაშვილს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, 2022 წლის „მწვანე ჯილდო“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელს მიმოზა ღოლიჯაშვილს გადასცა.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, 2017 წლიდან, მონაწილეობს ღონისძიებაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” და, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, „მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები აქვს განხორციელებული.


„მთელ მსოფლიოში, გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ვფიქრობთ, არცერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში ჩართული არ იქნებიან მოტივირებული პედაგოგები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეექვსე წელია „მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით და ზრუნავენ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე. იმედი გვაქვს, სამომავლოდ, უფრო მეტი პედაგოგი დაინტერესდება ამ უმნიშვნელოვანესი სფეროთი; სამინისტრო კი, ნამდვილად არ დატოვებს მათ ყურადღების მიღმა,” - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.


მათივე ცნობით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს იმართება. 2022 წელს, კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი როლანდ შავაძე გახდა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია.