25-06-2018
საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გორის ცენტრში დრიფტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში წვლილი გორის მერს არ მიუღია:
,,ჩვენ პრობლემა არ გვაქვს," - განაცხადა მერის პრეს-სამსახურმა. - ,,საპატრულო პოლიციამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, მთავარ მოედანზე ეს ღონისძიება გამართულიყო, რადგან საავტომობილო სპორტის ფედერაციიდან სამოტივაციო წერილი არაა წარდგენილი"
ყოველწლიურად, გორის ცენტრში მდებარე 100-ბინიანი კორპუსის მცხოვრებნი მთავარ მოედანზე დრიფტის აკრძალვას ითხოვენ. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება ჯერ კიდევ 2012 წელს შეიტანეს.
დრიფტის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ მანქანებით რბოლის დროს გორის ცხოვრება ცოცხლდება.