9-10-2022
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 275 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. საპროგნოზო მოსავალი რაოდენობა 1500-1700 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 30-მდე კომპანია იქნება ჩართული.
„რაჭაში რთველი დაიწყო; მევენახეები შეუფერხებლად აბარებენ ყურძენს. რაჭის რეგიონი განსაკუთრებულია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, ვინაიდან აქ მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა". მნიშვნელოვანია, რთველის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, კერძო საწარმოების სტიმულირება, რომ სრულად შეიძინონ რეგიონში მოწეული ყურძენი და სახელმწიფოს საწარმოს ჩართულობა პროცესში მინიმალური იყოს. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.
რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.