28-11-2017
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილე შემოქმედებით დარგში, კონსტრანტინე თოდრაძე, სამსახურში აღადგინა.
მისი ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის განცხადებით, კოტე თოდრაძე კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხასაც მიიღებს, სააპელაციო სასამართლომ კი უკანონოდ სცნო ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექციის გადაწყვეტილება თოდრაძის განთავისუფლების შესახებ და შესაბამისად გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, თოდრაძის განთავისუფლების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით.
ცნობისათვის. ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორი, კოტე თოდრაძე, მისივე მტკიცებით, სკოლის დირექციამ მას შემდეგ დაითხოვა სამსახურიდან, როცა ამ უკანასკნელმა ქალაქის მერის, ბეგლარ სიორიძის კუთვნილ რესტორანში წასვლაზე უარი განაცხადა და შესაბამისად ხელფასიდან 50 ლარის ჩამოჭრაზე წინააღმდეგი წავიდა.
მოგვიანებით სამსახურიდან ასევე მისი მეუღლე, ნინო ბურჭულაძე დაითხოვეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც თავად ცოლ-ქმარი ადასტურებენ, ოჯახი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის მხრიდან იდევნებოდა.
წყარო: "გურიის მოამბე"